ადამიანს ღორის ფილტვი გადაუნერგეს — პირველად ისტორიაში

ადამიანს ღორის ფილტვი გადაუნერგეს

გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ფილტვი თავის ტვინით მკვდარ პაციენტს გადაუნერგეს; ორგანო ცხრა დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ეს მიღწევა დიდ იმედსა და გამოწვევებს აჩენს ქსენოტრანსპლანტაციაში.

ექსპერიმენტი ჩინეთის გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში ჩატარდა. ექსპერიმენტის მსვლელობისას, პაციენტს აღენიშნებოდა ორგანოს უარყოფის მზარდი ნიშნები, რის გამოც, მეცნიერებმა პროცესი დაასრულეს და პაციენტს გარდაცვალების საშუალება მისცეს.

ეს გახლავთ ადამიანში ღორის ფილტვის გადანერგვის პირველი შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს და მეცნიერებს ახალ თავსატეხებს უჩენს ამ მეთოდის სამომავლოდ განვითარების კვალდაკვალ.

ადამიანი დონორების ორგანოებზე ხელმისაწვდომობა უდიდესი დაბრკოლებაა გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტთათვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ ქსენოტრანსპლანტაციის შესაძლებლობებს — ცხოველების, ძირითადად ღორების ორგანოების გენეტიკურად მოდიფიცირებას.

მეცნიერებს ის კი არ სურთ, რომ მოდიფიცირებული ღორების ორგანოები პაციენტებისთვის მუდმივი გამოსავალი გახდეს, არამედ ერთგვარი დროებითი „ხიდი“ იქამდე, ვიდრე ადამიანი დონორის ორგანო გახდება ხელმისაწვდომი. იმედისმომცემი შედეგები აჩვენა ღორის თირკმლებისა და ღვიძლის გამოყენებით ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა, მაგრამ მაინც საჭიროა სამომავლო განვითარება და კვლევა.

თითოეულ ორგანოს საკუთარი უნიკალური კომპლექსურობა და დაბრკოლებები ახლავს თან. გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტის ჯგუფი ქირურგ ჯიანსინგ ჰეს ხელმძღვანელობით, ამჯერად შემდეგ დიდ გამოწვევას შეეჭიდა — ფილტვებს.

ექსპერიმენტის მიზანი არ ყოფილა პირველივე ცდაზე წარმატებული გადანერგვის მიღწევა — რაც საკმაოდ საოცარი იქნებოდა, მაგრამ არ ყოფილა რეალისტური მოლოდინი. ამის ნაცვლად, მკვლევრებს სურდათ დაკვირვებოდნენ, როგორ უპასუხებდა პაციენტის იმუნური სისტემა გადანერგილ ორგანოს.

პაციენტი იყო 39 წლის კაცი, რომელიც ტვინში სისხლდენის შემდეგ, ოთხი სხვადასხვა კლინიკური შეფასებით გამოაცხადეს თავის ტვინით მკვდრად. მისმა ოჯახმა ექსპერიმენტზე წერილობითი, ინფორმირებული თანხმობა განაცხადა.

დონორი ღორი მინიატურული ბამა ღორი იყო და CRISPR ტექნოლოგიით ჩაუტარეს ექვსი გენის რედაქტირება. მოთავსებული იყო იზოლირებულ დაწესებულებაში, სადაც მკაცრადაა დაცული დეზინფექციის პროტოკოლები. ყველა რედაქტირება ფოკუსირებული იყო პაციენტის იმუნური და ანთებითი რეაგირების მინიმუმამდე შემცირებაზე.

ფრთხილად ჩატარებულ ქირურგიულ პროცედურაში, ღორის მარცხენა ფილტვი პაციენტის გულმკერდის ღრუში მოათავსეს და მიუერთეს სასუნთქ გზებს, არტერიებსა და ვენებს. პუბლიკაციაში არაფერს წერენ ღორის ბედზე, მაგრამ როგორც წესი, რომელიმე ძირითადი ორგანოს ამოღების შემდეგ, დონორი ღორები ვეღარ ცოცხლობენ.

პაციენტს ასევე მისცეს რამდენიმე იმუნოსუპრესანტი, რომლებიც მკვლევრებმა იმ ცვლილებებს მოარგეს, რომლებსაც პაციენტის სხეულში დროთა განმავლობაში დააკვირდნენ.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, პროცედურის შემდეგ, პირველ რამდენიმე კრიტიკულ საათში არ დაფიქსირებულა ჰიპერმწვავე მიუღებლობის მყისიერი ნიშნები. თუმცა, გადანერგვიდან 24 საათის შემდეგ, გაჩნდა მწვავე შესიება, რისი მიზეზიც სავარაუდოდ იყო გადანერგილ ზონაში სისხლის მიმოქცევის აღდგენა.

ანტისხეულებით განპირობებულმა უარყოფამ ქსოვილი კიდევ უფრო დააზიანა ექსპერიმენტის მესამე და მეექვსე დღეს. დაზიანების შედეგი იყო პირველადი ტრანსპლანტატის დისფუნქცია — გადანერგვიდან 72 საათის განმავლობაში მომხდარი ფილტვის მწვავე დაზიანების ტიპი და სიკვდილის მთავარი გამომწვევი ფილტვგადანერგილ პაციენტებში. მეცხრე დღისთვის გარკვეული აღდგენა ხდებოდა, თუმცა ექსპერიმენტმა მსვლელობა ამით ამოწურა.

ფილტვები ძლიერ რთული ორგანოა გადასანერგად, რადგან მათ მყისიერი კონტაქტი აქვთ სხეულის გარედან შესულ ჰაერთან. ამიტომ, მათ უნდა წარმოქმნან პირველადი თავდაცვის ეფექტიანი ხაზი, რომელიც ბარიერის როლს ასრულებს ჰაერიდან შესული პათოგენებისა და ნაწილაკების წინააღმდეგ. შედეგად, მათ აქვთ მრავალი მექანიზმი, რომელთა გამოყენებაც იმუნური პასუხის მისაღებად შეუძლიათ.

მკვლევრებმა შეძლეს იმის ჩვენება, რომ შეუძლიათ ღორის ფილტვის ადამიანში ისე გადანერგვა, რომ გვერდი აუარონ ჰიპერმწვავე უარყოფის საფრთხეებს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია.

„ფილტვის შეშუპების ადრეული დაწყება ხაზს უსვამს პირველადი ტრანსპლანტატის დისფუნქციის პრევენციის მნიშვნელობას მომავალში ქსენოგენური ფილტვის ტრანსპლანტაციის დროს. საჭიროა ძალისხმევის გაგრძელება, რათა მოხდეს იმუნოსუპრესიული რეჟიმების ოპტიმიზება, გენეტიკური მოდიფიკაციების დახვეწა, ფილტვის შენახვის სტრატეგიების გაძლიერება და ტრანსპლანტანტის გრძელვადიანი ფუნქციონირების შეფასება“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Nature Medicine-ში გამოქვეყნდა, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა