1781384192
დაპირისპირება ვაშინგტონში - რა მოხდა, თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირებამდე 2 დღით ადრე
აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, საიუბილეო ტურნირის UFC Freedom 250-ის წინ, ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის განსაკუთრებული ლოკაცია შეარჩიეს: სცენა პირდაპირ ლინკოლნის მემორიალის წინ მოეწყო, სადაც მებრძოლებმა მედიის კითხვებს უპასუხეს და ამ ისტორიული მონუმენტის ფონზე პირისპირ დგომიც (Face-to-Face) გამართეს.
თუმცა, ვაშინგტონის ულამაზესმა ხედებმა ვერ შეამსუბუქა ის დაძაბულობა, რომელიც ტურნირის მთავარი ბრძოლის მონაწილეებს შორის არსებობს. ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის სიტუაცია მალევე უკიდურესად დაიძაბა.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მებრძოლები ერთმანეთს თვალებში ჩასახედად მიუახლოვდნენ, რა დროსაც ვითარება კონტროლიდან გამოვიდა. სცენაზე ფეხზე წამომდგარმა თოფურიამ ამერიკელი გააფრთხილა, რომ დისტანცია დაეცვა და ახლოს არ მოსულიყო.
გეიჯიმ ქართველის გაფრთხილება დააიგნორა, რასაც მყისიერი ფიზიკური კონტაქტი მოჰყვა, თოფურიამ მეტოქეს მკერდში ხელი ჰკრა და უკან გადააგდო. მოგვიანებით, ილიამ ეს ინციდენტი ასე ახსნა:
„არ მინდა ჩემი ძალა აქ დავხარჯო, შენი განადგურება პირდაპირ ოქტაგონზე მირჩევნია. სახეში დარტყმისგან თავი მხოლოდ იმიტომ შევიკავე, რომ ეს სიამოვნება უშუალოდ ჩხუბისთვის შემენახა!“












