ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ცოლ-ქმრის ვინაობა
1780866527
განულებული საბანკო ანგარიში თამარ ლომთათიძემ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც თაღლითებმა მის მობაილ ბანკში შეღწევა და თანხების დაუფლება სცადეს. უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან ფინანსურ პროფილში არაავთენტური შეღწევა თავად ბანკმა დააფიქსირა და პოტენციური მსხვერპლის ანგარიშები მანამდე დაბლოკა, სანამ თაღლითები მის დაცარიელებას შეძლებდნენ.
თამარ ლომთათიძე წლებია თბილისის ცენტრში საოჯახო ტიპის სასტუმროს ფლობს, რომელსაც ტურისტებზე, ძირითადად საერთაშორისო პლატფორმა "ბუქინგის" მეშვეობით აქირავებს. სწორედ "ბუქინგზე" მიიღო მორიგი ჯავშანიც, ვინმე ტატიანას სახელით. ე.წ. ტურისტმა პირობების შესათანხმებლად მიმოწერის გაგრძელება "ვაიბერში" სთხოვა. იქ უკვე საუბარი ვინმე "სერგეისთან" გაგრძელდა, რომელმაც თანხის გადმორიცხვის მიზნით ბმული გამოუგზავნა. სინამდვილეში კი ეს იყო ვირუსი ე.წ. ფიშინგისთვის.
იგივე სახელით თაღლითები თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში სასტუმროებსა და აპარტამენტებს ერთი მეორის მიყოლებით ჯავშნიან. მიზანი ყველა შემთხვევაში ერთია - ნებისმიერ ფასად ხელში ჩაიგდონ ობიექტის მფლობელის პირადი მონაცემები. უძრავი ქონების გაქირავების ფეისბუქ ჯგუფებში ტურისტის სახელს ამოფარებული უკვე არაერთი "სკამერი" გამოავლინეს.
ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად ონლაინ პლატფორმებზე იზრდება ფიშინგის შემთხვევებიც. თაღლითები ჯავშნიან აპარტამენტებს, როგორც თბილისში, ისე სხვა საკურორტო ქალაქებში. რეალურად კი ქირის გადახდის ნაცვლად, თავად გამქირავებლების ჯიბეებს და საბანკო ანგარიშებს ასუფთავებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყალბი ჯავშნების საქმეს უკვე იძიებს. თაღლითური სქემით დაზარალებულმა არაერთმა მოქალაქემ საგამოძიებო ორგანოს მიმართა. საქმე, სავარაუდოდ, ტრანსნაციონალურ დანაშაულს ეხება, რის გამოც შესაძლოა ქართულმა მხარემ სამართლებრივი დახმარებისთვის ევროპულ და პარტნიორ ქვეყნებს მიმართოს. საგამოძიებო ორგანოს უკვე გაშიფრული აქვს სქემა, რომელსაც თაღლითები იყენებენ.
ფიშინგის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი გახდეს - ასაკის, პროფესიის და გამოცდილების მიუხედავად. რამდენიმე წამში გახსნილმა ბმულმა, დაუფიქრებლად სხვისთვის გაზიარებულმა მონაცემებმა, ან მოჩვენებითმა ნდობამ, შესაძლოა წლების ნაშრომი წაგართვათ.
კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი ინგა ქარჩავა იმ ელემენტარულ წესებს განმარტავს, რომლის დაცვის შემთხვევაში, თაღლითები საკუთარ მახეში თქვენს გაბმას ვერ შეძლებენ.
ციფრულ სამყაროში სიფრთხილე უკვე არჩევანი კი არა აუცილებლობაა. ერთი შეტყობინება, ერთი ბმული და რამდენიმე წამი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ თაღლითებმა ნდობასთან ერთად თქვენი დანაზოგიც სრულად მიითვისონ. ამიტომ, ვიდრე შეტყობინებას უპასუხებთ, გადაამოწმეთ, დაფიქრდით და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ.