მძიმე ავარია სანაპიროზე - მოტოციკლი მანქანას შეეჯახა
1753282994
ბითლზმა (The Beatles) მარადიული სიყვარულისადმი მიძღვნილი არაერთი სიმღერა შექმნა. მეორე მხრივ, ჯონ ლენონის სასიყვარულო წერილები განსხვავებულ, მიწიერ პოეტურობას ავლენს.
ამ წერილთაგან ერთ-ერთი 9 ივლისს ლონდონში, კრისტის აუქციონზე გამოჩნდა, სადაც წერილის მოსალოდნელი ფასი 40 000 ფუნტია ($54 000).
ჰამბურგში ყოფნისას 21 წლის ლენონს, თავისი მომავალი ცოლი სინტია პაუელი ენატრება და წერილში წერს: "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ და გიჟივით მენატრები... ნეტავ ახლა შენი ბინისკენ მომავალ გზაზე ვიყო ხელში გაზეთით, შოკოლადებით და ვნებით! ო, როგორ მინდა!"
სხვა, ოთხგვერდიან წერილში ლენონი მაკარტნის ხვრინვაზე წუწუნებს: „პოლმა ყველაფერი თავზე ჩამომამხო (ის ჩემ ზემოთ წევს და თან ხვრინავს)... მოკეტე მაკარტნი".
კრისტის წიგნებისა და ხელნაწერების დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის, ტომას ვენინგის თქმით, "არის რაღაც ძალიან შთამბეჭდავი ამ წერილის თავბრუდამხვევ, მხიარულად უხამსს ბუნებაში".
„ეს წერილი ლენონსა და სინტიას წარმოგვიჩენს, როგორც ორ შეყვარებულ ახალგაზრდას და განსაკუთრებით წარმოაჩენს ლენონის საოცრად უდარდელ და თავისუფალ სახეს",- ამბობს ის.
წერილი — საიდანაც სინტია პაუელმა ორი პატარა მონაკვეთი სავარაუდოდ ცენზურის მიზნით ამოჭრა — ლენონმა 6 დღეში, 1962 წლის 19 აპრილიდან 24 აპრილამდე შუალედში დაწერა, როდესაც „ბიტლზი" პირველად წარდგა ჰამბურგში.
„კითხვისას გრძნობ, რომ ლენონისთვის ცხოვრება საკმაოდ უბრალო რამაა: ეს არის ჯგუფთან ერთად მუსიკის შექმნა და სილვიასთან ერთად ყოფნა",- დაამატა ვენინგმა.
„ის მთლიანად აწმყოთი ცხოვრობს, გადაღლილია — მაგრამ ბედნიერი, და ერთადერთი, რაც აწუხებს, პოლია, რომელიც მის ზემოთ საწოლზე ხვრინავს. ექვს თვეში ყველაფერი შეიცვლება და ცხოვრება აღარასდროს იქნება ასე მარტივი".
ამ დროის განმავლობაში, ჯერ კიდევ შედარებით უცნობი ბენდი, რომლის შემადგენლობაში რინგო სტარის ნაცვლად დრამერი პიტ ბესტი იყო, დაუღალავად შრომობდა და გულგრილი მსმენელის წინაშე უკრავდა.
„უზარმაზარი კლუბია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამი საათით ვუკრავთ, მეორე დღეს კი ოთხი საათით, თანაც ერთსაათიანი შესვენებები გვაქვს და ამგვარად, საერთოდაც არ გვეჩვენება ხანგრძლივად... ღმერთო, ქანცი გამძვრა, დილის 6 საათია და მე შენთან ერთად ყოფნა მინდა" — წერს ლენონი.
წერილის დაწერამდე ცხრა დღით ადრე, ბენდის ყოფილი წევრი, ბასისტი სტიუარტ სატკლიფი, 21 წლის ასაკში მოულოდნელად, ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა. ლენონის წერილი იწყება მისი ახლო მეგობრის გარდაცვალების ცნობით და იმ მღელვარებაზე საუბრით, რაც სატკლიფის საცოლესთან შეხვედრის გამო აქვს. "აქ ჩამოსვლის შემდეგ ასტრიდი არ მინახავს. მასთან სტუმრობაზე ვიფიქრე, მაგრამ ისეთი უხერხული ვიქნებოდი... ამაზე აღარ დავწერ, რადგან არ არის დიდად მხიარული საკითხი".
ის სხვა თემაზე გადადის და ცდილობს, პაუელს დოტ რონთან - პოლ მაკარტნის მაშინდელ შეყვარებულთან - ერთად ცხოვრება გადააფიქრებინოს.
„არ მომწონს ის აზრი, რომ დოტი მუდმივად შენთან ერთად იცხოვრებს, რადგან მარტო ყოფნის შესაძლებლობა აღარ მოგვეცემა. წარმოიდგინე, ის ყოველთვის ჩვენ გვერდითაა, როცა ჩვენ საწოლში ვწევართ და წარმოიდგინე, რომ პოლი მუდმივად ჩვენთან მოდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მე არ ვარ სახლში".
ლენონი და პაუელი ერთი წლის შემდეგ, 1962 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ და 1963 წლის აპრილში გაუჩნდათ ვაჟი, ჯულიანი. ხუთი წლის შემდეგ კი განქორწინდნენ.