VIDEO: "მსოფლიოში, ყველაზე ღარიბი ცნობილი რეპერი ვარ..." - ბედინას გულწრფელი პასუხები

ბედინა

"როგორც არწივი კლდეზე ისე მარტო ვარ და არავინ მაწუხებს" რეპერი ბედინა ქართულ სცენაზე ათეულობით წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ მისი ჰიტები ისევ ისეთი აქტუალურია როგორც ქართული შოუ-ბიზნესის ოქროს ხანის პერიოდში. თამამად შეიძლება ითქვას, ბედინას შემოქმედებამ დროს გაუძლო და მას თაობები უსმენენ.  ბედინა პირად ცხოვრებაზე და სიახლეებზე "პრაიმ ტაიმს" ესაუბრა. ბუნებრივია მასთან საუბარი პირადი ცხოვრებით დავიწყეთ.  

- ისევ ის ბედინა ვარ, არ ვიცვლები... დაუმორჩილებელი ვარ. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, როგორც არწივი კლდეზე ისე მარტო ვარ და არავინ მაწუხებს. ჯერჯერობით არ გამოჩენილა ის მზეთუნახავი, ვისა გამოც მუხლებზე დავდგები და ბეჭედს ვაჩუქებ, ალბათ ადრეა ამისთვის.

- კარიერაში რა სიახლეები გაქვს?

- ბევრი სიახლეები მაქვს. ვწერ ახალ "ვეშ", რომელსაც ქვია  "ნელა იარე" და მართლა ნელა იარეთ ხალხო! საქმე ისაა რომ ვერ ჩავიკეტე სტუდიაში, ხან გადაღება, მაქვს ხან კონცერტი, სულ სიახლეებში ვარ და ბოლომდე ვერ დავასრულე მუშაობა. აქვე მინდა ავღნიშნო, კი ვწერ ახალ მუსიკას, მაგრამ  მოთხოვნა ძველზეა. მეტწილად უფრო ძველი შემოქმედებით მიწევს სცენაზე გამოსვლა. მეუბნებიან შენი სიმღერები არ გადადის მოდიდხან და რა არის ამისთანაო? ამას ალბათ ჩემმა მსმენელმა და კრიტიკოსებმა უნდა გასცენ პასუხი. არ გამივლია შოუ-ბიზნესის მაღალი ეშელონების არტისტების ცხოვრება, არც დიზაინერი მყოლია, არც იმიჯმეიკერი, დილით როგორი ამინდიც არის ისე ვიცმევ, ვიცავ ნებისყოფით მარხვას, არ ვეკარები ისეთ რამეს რამაც შეიძლება ჩემს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. დილით ძალიან ადრე ვიღვიძებ. მსოფლიოში ყველაზე ღარიბ რეპერთა ცნობილი წარმომადგენელი ვარ, რომელიც მილიონერი არაა მაგრამ მილიონობით მსმენელი ჰყავს.