შალვა პაპუაშვილი ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო

შალვა პაპუაშვილი

თბილისში ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, ლოტბარის, მომღერლის, პუბლიცისტისა და მეცნიერის ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაესწრო.

"მნიშვნელოვანია, როდესაც იმ ადამიანის დაფასება ხდება, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვს ქართული კულტურის, ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.

ანზორ ერქომაიშვილს ცხოვრებაშიც არ აკლდა დაფასება, თუმცა, მის ხსოვნას ყოველდღიურად სჭირდება მოფრთხილება. ვინაიდან თაობები იზრდებიან, რომლებმაც შესაძლოა, არ იცოდნენ ბატონი ანზორის მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლის შესახებ, ეს მემორიალური დაფა კი სწორედ ამას შეგვახსენებს.

ბატონი ანზორის დამსახურება და მემკვიდრეობა მხოლოდ ის კი არ არის, რომ როგორც ლოტბარი, ხალხური სიმღერების შემგროვებელი, გამავრცელებელი, ანსამბლების ჩამომყალიბებელი, ახალი თაობების აღმზრდელი იყო, არამედ, საბოლოო ჯამში, ის თავად იქცა ქართული ხალხური სიმღერის ნაწილად. ეს არის ალბათ, უმაღლესი მწვერვალი შემოქმედი ადამიანისთვის. ბატონი ანზორის შემოქმედება ყველასთვის ეროვნული საგანძურია.

ცალკე უნდა აღინიშნოს ანზორ ერქომაიშვილის დამსახურება ბავშვებში ქართული კულტურის მიმართ სიყვარულის გაღვივებაში. ბავშვობიდანვე ხალხურ სიმღერასთან ზიარება იყო ბავშვის აღზრდისა და კულტურული განვითარების ნაწილი. ამის დამკვიდრების მნიშვნელობას ხვდებოდა ანზორ ერქომაიშვილი თავის დროზე, როდესაც „მართვე“ ჩამოაყალიბა. ეს კულტურა, ტრადიცია სწორედ ბატონი ანზორის სახელს უკავშირდება და ვამაყობთ, რომ სახალხო კულტურად არის ქცეული.

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, ანზორ ერქომაიშვილის სახელის პატივისცემისა და დაფასებისთვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მინდა მივესალმო მის ოჯახს, მის დიდ ოჯახს - „მართვეს“ და „რუსთავის“ სახით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის სახელს უფრთხილდება, მის მემკვიდრეობას ამრავლებს და მომავალ თაობებს გადასცემს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მემორიალური დაფა კრწანისის რაიონში, აბანოს ქუჩა N23-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდა, სადაც ანზორ ერქომაიშვილი 1988-2021 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული ქართული ხალხური სიმღერები. გამოსაცემად მოამზადა კრებული "გურული ხალხური სიმღერები".

ანზორ ერქომაიშვილს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.