1761579368
გივი მიქანაძე: ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალია ინტერესი, რომელიც მასწავლებლად მუშაობის დაწყებას უკავშირდება, როგორც დედაქალაქში, ასევე განსაკუთრებით რეგიონებში
ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალია ინტერესი, რომელიც მასწავლებლად მუშაობის დაწყებას უკავშირდება, როგორც დედაქალაქში, ასევე განსაკუთრებით რეგიონებში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მზარდია ახალგაზრდა კადრების ამ სფეროში შედინება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მიმართვიანობა სხვადასხვა გადამზადების პროგრამებში ჩართულობის, სხვადასხვა გამოცდებში მონაწილეობის. ეს პროცესი პირდაპირ მიუთითებს, რომ უფრო მეტ პოპულარიზაციას იძენს ეს პროფესია, საზოგადოება ხვდება, რომ ეს ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. მთავრობის მხრიდან გამოხატულმა მხარდაჭერამ, როდესაც 2 წლის წინ მოხდა ხელფასების ზრდა და სოციალური პაკეტის გაუმჯობესება, თავისი მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
უახლოესი კვირების განმავლობაში საზოგადოებას წარვუდგენთ იმ კონცეფციას, რომლითაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება სასკოლო რეფორმის განხორციელება, რომელშიც თითოეული მასწავლებლის ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს სასკოლო რეფორმა გამომდინარეობს იმ მთავარი დოკუმენტისგან, რომელსაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჰქვია, რომელიც შარშან პარლამენტმა დაამტკიცა და რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს სასკოლო ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი დოზით შეტანა ისეთი საკითხების, როგორიც არის ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები, პატრიოტიზმი, ტრადიციების პატივისცემა და სხვა განსაკუთრებული ღირებულებები, რომელიც ჩვენი ხალხისთვის არის დამახასიათებელი“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.










