საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ინჯია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ილია ინჯია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ილია ინჯია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სისტემის რეფორმას, დიასპორის როლს საქართველოს განვითარებაში, საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც პარტიების აკრძალვის საკითხს ეხება, ასევე, ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესების მიმართ და ორმაგი სტანდარტების თემას საქართველოსთან მიმართებაში.

ილია ინჯიას თქმით, შეხვედრა იყო გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვანია, მომავალში ხშირად გაიმართოს ასეთი შეხვედრები.

„ვისაუბრეთ განათლების სისტემის რეფორმაზე. ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ თაობას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება, ჰქონდეს შესაბამისი პირობები და გარემო. სწორედ ეს არის განათლების რეფორმის მთავარი იდეა და მიზანი, რომ საქართველოში განათლების სისტემა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ვიმსჯელეთ დიასპორის როლზე. განვიხილეთ, თუ, რა შესაძლებლობები უნდა შეიქმნას ქვეყანაში, იმისთვის, რომ დიასპორა გახდეს უფრო მჭიდროდ ჩართული საქართველოს განვითარებაში და მათი ინტელექტუალური რესურსი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

შეხვედრაზე, ასევე ვისაუბრეთ იმ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც პარტიების აკრძალვის საკითხს ეხება. განვიხილეთ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ და ორმაგი სტანდარტების თემა, რომელიც სამართლიანად აღელვებს ჩვენს საზოგადოებას.

ვფიქრობ, ასეთი ღია საუბრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრები ყოველთვის მაძლევს დიდ მოტივაციას. ახალგაზრდების მოსაზრებები, გულწრფელი შეკითხვები და მათი აქტიური ჩართულობა მისასალმებელია.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა სტუდენტს ჩართულობისთვის და გამოხატული ინტერესისთვის“, - აღნიშნა ილია ინჯიამ.