სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფისა" და სასაზღვრო სექტორ "კირნათის" დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1976 წელს დაბადებული ბ.ქ., 1995 წელს დაბადებული ე.ქ., 1997 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1996 წელს დაბადებული თ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბ.ქ. და ჯ.ა. უკანონოდ ცდილობდნენ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულებმა ე.ქ.-მ და თ.თ.-მ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და გადაკვეთას გულისხმობს.