საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავი აღნიშნეს

ზაალიშვილი

25 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოში ბიოლოგიური ფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებათა დამფუძნებლის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავი აღნიშნეს.

ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, აკადემიკოსები, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები, მალხაზ ზაალიშვილის კოლეგები და ახლობლები.

მალხაზ ზაალიშვილის მოღვაწეობა შეაფასა აკადემიკოსმა, თინათინ სადუნიშვილმა. იგი სხდომაზე ერთ-ერთი პირველი გამომსვლელი იყო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ვრცელი ინფორმაცია გააცნო ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერის შესახებ.

„ბატონი, მალხაზი გახლდათ საქართველოში უმნიშვნელოვანესი მიმართულებების, ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებების დამფუძნებელი. მან პირველმა შეადგინა საქართველოში ბიოფიზიკის კურსის პროგრამა და კითხულობდა კიდეც ლექციებს ამ მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პარალელურად, ის კითხულობდა რადიობიოლოგიის კურსსაც. ბატონმა მალხაზმა საქართველოში დააარსა ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი, სადაც დღესაც წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევა. მნიშვნელოვანია ასევე დანადგარების შექმნა, რომელიც დღესაც გამოიყენება სხვადასხვა ექსპერიმენტისთვის. ბატონი მალხაზი თავის დროზე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ასევე, ის კურირებდა მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის განვითარებას, რომლის დირექტორი წლების განმავლობაში იყო. მისი ხელმძღვანელობით 45 დისერტაცია იქნა დაცული. მ. ზაალიშვილის აღზრდილები კი წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებში. მისი ღვაწლი ძალიან დასაფასებელი და სამაგალითოა ქართველი ხალხისთვის“,- თქვა თინათინ სადუნიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მალხაზ ზაალიშვილის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია მახარაძემ. 

,,დღეს მეცნიერებათა აკადემიამ აღნიშნა ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოსის, მალხაზ ზაალიშვილის 105 წლისთავი. აქ შეიკრიბა მთელი მისი სამეცნიერო სპექტრი, თანამშრომლები, ყოფილი კოლეგები და ისინი, ვინც ბოლო წლების განმავლობაში ბატონ მალხაზთან ერთად ვმუშაობდით. ის იყო უდიდესი მეცნიერი. იყო ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა მრავალმხრივი განათლებით, მეცნიერული ხედვით და თავისი აზროვნებით ყოველთვის უსწრებდა დროს. მის სახელს უკავშირდება ისეთი დიდი მიმართულებების ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის ბიოფიზიკა და მოლეკულური ბიოლოგია. მან არაერთი მეცნიერი აღზარდა და გაუკვალა გზა. ასევე, მის სახელს უკავშირდება ბიოფიზიკის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. არაერთ სამეცნიერო მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი. წარმატებით მიდიოდა კვლევები. მისი პრიორიტეტი გახლდათ ბიოლოგიური ძვრადობის საკითხები, რომელიც მისთვის სიცოცხლის ბოლომდე მნიშვნელოვანი დარჩა. ბატონი მალხაზი სიცოცხლის ბოლომდე იყო ჩართული ამ საკითხებში. ისე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, რომ როცა მას ჰკითხეს რა იყო მისი ახალგაზრდობის საიდუმლო, მან უპასუხა: ,,არ ვიცი სამი რამ - რა არის დაღლა, რა არის შიში და რა არის შური”. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ბატონი მალხაზი და დღეს ჩვენ ყველა მის ხსოვნას პატივს მივაგებთ”,- აღნიშნა მაია მახარაძემ.

აკადემიკოსმა მალხაზ ზაალიშვილმა დააარსა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი და ბიომაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შექმნა თავისი სკოლა, იყო საქართველოში ბიოლოგიური მაკრომოლეკულების ფიზიკურ-ქიმიური კვლევების ფუძემდებელი. 

მალხაზ ზაალიშვილის შრომები კუნთის ფიზიკურ-ქიმიური ორგანიზაციის კვლევის სფეროში ქართული მეცნიერების თვალსაჩინო მიღწევას წარმოადგენს. მან პირველმა შეადგინა ბიოლოგიური ფიზიკის ზოგადი კურსის პროგრამა. 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე იგი კითხულობდა რადიობიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის კურსს. 1962 წელს ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მალხაზ ზაალიშვილმა ჩამოაყალიბა სპეციალიზაცია „ბიოფიზიკა“, რომლის ბაზაზე შემდგომში შეიქმნა მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა, სადაც იგი კითხულობდა ლექციებს მოლეკულურ ბიოლოგიასა და ზოგად და უჯრედის ბიოფიზიკაში. 1997 წელს აკადემიკოსი მ. ზაალიშვილი დაჯილდოვდა  ღირსების ორდენით. დიდია მალხაზ ზაალიშვილის ამაგი საქართველოში ბიოფიზიკოსებისა და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტთა თაობების აღზრდის საქმეში. 

აკადემიკოს მ. ზაალიშვილის საქმიანობამ დიდად შეუწყო ხელი სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობის განვითარებას საქართველოში.