„ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ჰქონდეს აქციებს, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა“ - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საპროტესტოს აქციების მიზნებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ხალხის შეცდომაში შეყვანაა:

"ამ აქციების მიზანი ის კი არ არის, რომ რაღაც პოლიტიკური კრიზისი შექმნან, იმიტომ რომ ამის რესურსი არ აქვთ, უბრალოდ დეზინფორმაციაზე არიან გადასულები. გამოდიან და ჭორიკანა ადამიანებივით ტყუილებს იგონებენ, რომელიც ძალიან მალე გაბათილდება ხოლმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ჰქონდეს ასეთ აქციებს მიზანი, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა, რაც, ასევე, აღარ გამოსდით. გარდა იმისა, რომ უკვე იდეაც აღარ გააჩნია, მატერიალურადაც უკვე აღარ არიან უზრუნველყოფილები და ეს ემჩნევა უკვე მიმდინარე აქციებს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავდაპირველად მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, საგამოძიებო უწყებისკენ მსვლელობა მოაწყვეს. შემდეგი გაჩერება საქართველოს პარლამენტია. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.