საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობასა და ფარიკაობის ფედერაციას 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებისთვის მადლობას უხდის

საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაცია

საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გულნორა საიდოვი საქართველოს მთავრობასა და ფარიკაობის ფედერაციას 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივნისგან მიიღო. 

როგორც წერილშია აღნიშნული, ჩემპიონატი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა, რამაც განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა სპორტსმენებისთვის, ოფიციალური პირებისა და ფარიკაობის მოყვარულთათვის.

„საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის (FIE) სახელით, გვსურს, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება საქართველოს მთავრობისა და ფარიკაობის ფედერაციის მიმართ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესანიშნავი ორგანიზებისა და თბილი მიღებისთვის. თქვენი ქვეყნისთვის ღონისძიების ჩატარების უფლების მინიჭების დღიდან ჩვენი თანამშრომლობა პროფესიონალიზმით, ეფექტურობითა და ურთიერთპატივისცემით ხასიათდებოდა. ჩემპიონატი 2025 წლის 22-30 ივლისის პერიოდში თბილისში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა, რამაც განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა სპორტსმენებისთვის, ოფიციალური პირებისა და ფარიკაობის მოყვარულთათვის. 112 ქვეყნის 968 ინდივიდუალური სპორტსმენისა და 63 გუნდის მონაწილეობით, ღონისძიებამ არა მხოლოდ ქართული ორგანიზების სრულყოფილება წარმოაჩინა, არამედ ქვეყნის გულწრფელი ერთგულება ცხადყო სპორტისა და საერთაშორისო მეგობრობის ხელშეწყობის მიმართ“, - ნათქვამია წერილში. 
წერილში ხაზგასმულია ჩემპიონატის მიმართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა. 

„ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერის მიღება, რაც გახსნის ცერემონიაზე გამოიხატა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, მთავრობისა და პარლამენტის წევრების დასწრებით. ღონისძიებაზე მათი ყოფნა ასახავდა ეროვნულ სიამაყეს და ერთგულებას, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონატის წარმატებაში. ასევე, დიდად ვაფასებთ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის შესანიშნავ მუშაობას, რომლის ხელმძღვანელობამ, დეტალებზე ორიენტირებულმა აქცენტებმა და ენთუზიაზმმა უზრუნველყო ის, რომ ღონისძიება სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის (FIE) სტანდარტებს და იდეალური გარემო შესთავაზა ჩვენს სპორტსმენებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად. 2025 წლის თბილისის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი სპორტის ისტორიაში დასამახსოვრებელ საეტაპო მოვლენად დარჩება სრულყოფილების, ერთიანობისა და ფარიკაობისადმი საერთო სიყვარულის სიმბოლოდ. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მადლობა და მოლოცვა ნამდვილად გამორჩეული მიღწევის აღსანიშნავად“, - აღნიშნულია წერილში.