ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებიც ივნისში ჯეკპოტს მოიგებს
1748199437
ჩვენ ვიცით, რომ ძილის ნაკლებობა გულის ჯანმრთელობისთვის ცუდია — და, აი, ახლა მეცნიერები მეტს იგებენ იმაზე, თუ კონკრეტულად როგორ გვაზიანებს ეს.
შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, სამი ღამის განმავლობაში ძილის ნაკლებობა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ სისხლში შესამჩნევი ცვლილებები მოხდეს. ეს ცვლილებები გულის დაავადებების მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.
მკვლევრებმა სისხლში ანთებითი ცილები შეისწავლეს. ეს არის მოლეკულები, რომლებსაც ორგანიზმი სტრესის ან დაავადებასთან ბრძოლის დროს გამოიმუშავებს.
როდესაც ამ ცილების რაოდენობა მაღალია, ამას სისხლძარღვების დაზიანება შეუძლია და ზრდის ისეთ რისკებს, როგორიცაა გულის უკმარისობა, გულის კორონარული დაავადება და არარეგულარული გულისცემა.
კვლევაში 16 ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი მონაწილეობდა, რომლებმაც რამდენიმე დღე ლაბორატორიაში გაატარეს. იქ ყველაფერი, კვებიდან დაწყებული, აქტივობის დონისა და სინათლის ზემოქმედებით დასრულებული, საგულდაგულოდ კონტროლდებოდა.
მონაწილეები ორ რუტინას მისდევდნენ: სამი ღამე ნორმალური ძილი (8.5 საათი) და სამი ღამე შეზღუდული ძილი (4.25 საათი). ძილის თითოეული ფაზის შემდეგ, ისინი ასრულებდნენ მოკლე, მაღალი ინტენსივობის ველოსიპედით ვარჯიშს, რომლის დაწყებამდე და მის შემდეგ მათი სისხლი მოწმდებოდა.
მკვლევრებმა სისხლის ნიმუშებში თითქმის 90 სხვადასხვა ცილა გაზომეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ძილის უკმარისობა გულის დაავადებებთან დაკავშირებული ანთებითი მარკერების აშკარა ზრდას იწვევდა.
მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში ჯანსაღი ცილებს აძლიერებს, როგორიცაა ინტერლეიკინ-6 და BDNF (რომლებიც ხელს უწყობს ტვინისა და გულის ჯანმრთელობას), ეს რეაქციები უფრო სუსტი იყო ცუდი ძილის შემდეგ.
ახალგაზრდებიც კი
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ახალგაზრდებშიც კი შეინიშნებოდა და ისიც მხოლოდ რამდენიმე ღამის ცუდი ძილის შემდეგ. ეს საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხშირია ახალგაზრდებში ძილის უკმარისობა — და დაახლოებით ოთხიდან ერთი ადამიანი მუშაობს ცვლაში, რომელიც ძილის რეჟიმს არღვევს.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მნიშვნელობა ჰქონდა სისხლის აღების დროსაც: ცილების დონე განსხვავდებოდა დილით და საღამოს, და კიდევ უფრო მეტად — ძილის შეზღუდვის შემთხვევაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძილი გავლენას არ ახდენს მხოლოდ იმაზე, რა არის ჩვენს სისხლში, არამედ იმ პერიოდზეც, როცა ეს ცვლილებები ყველაზე თვალსაჩინოა.
თანამედროვე ცხოვრება ხშირად გვაიძულებს ძილი პროდუქტიულობაზე, სოციალურ აქტივობებსა და ეკრანთან გატარებულ დროზე გავცვალოთ. მსგავსი კვლევები გვახსენებს, რომ სხეული ყველაფერს იმახსოვრებს – ჩუმად, ქიმიურად და შეუვალად.