ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე სოციალურ ქსელში Flydubai-ის ბორტზე მომხდარის ახალ დეტალებზე და იმ ერთადერთ ექიმზე წერს, რომელმაც დაჭრილი პილოტის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.
„ქართველი ექიმი შოთა მუსაევი - ადამიანი, რომელმაც FlyDubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.
დუბაი - თელ-ავივის რეისზე განვითარებული დრამატული მოვლენების ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი სტომატოლოგი შოთა მუსაევი FlyDubai-ს რეის FZ1073-ზე იმყოფებოდა - თვითმფრინავში, სადაც პილოტზე თავდასხმა მოხდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მგზავრების სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
შოთა მუსაევი ჰყვება, რომ როდესაც თვითმფრინავის წინა ნაწილში ხმაური და ყვირილი გაიგონა, თავად გაიქცა დასახმარებლად. თავდაპირველად მან არც კი იცოდა, რომ რამდენიმე წუთში ექიმის დახმარება გახდებოდა საჭირო.
„მე ტერორისტთან საბრძოლველად მივდიოდი და არა სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად“, - იხსენებს მუსაევი.
მისი მონაყოლით, თავდამსხმელის შეჩერებაში რამდენიმე მგზავრი მონაწილეობდა. მამაკაცი ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა და მის გასაკავებლად ხელ-ფეხის შეკვრა გახდა საჭირო.
მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა შოთამ დაჭრილი კაპიტანი. პილოტი იატაკზე იწვა და თავისა და ხელების ჭრილობებიდან ძლიერ სისხლდენდა. ის გონზე იყო და მგზავრებთან საუბარი შეეძლო.
„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი. სისხლდენის შეჩერება შევძელი“, - ამბობს შოთა მუსაევი.
მისი თქმით, დაშვებამდე დაჭრილი კაპიტნის მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო. ტაბუკში დაშვების შემდეგ პილოტი საუდის არაბეთის მედიკოსებს გადასცეს. მოგვიანებით მუსაევს უთხრეს, რომ კაპიტანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
შოთა მუსაევი ყველაზე მძიმე მომენტად თვითმფრინავის მკვეთრ ვარდნას იხსენებს. მისი თქმით, ბორტზე მყოფ ადამიანებს რამდენიმე წამით ეგონათ, რომ იღუპებოდნენ.
მგზავრები ყვიროდნენ, რომ ბორტზე მყოფი სხვა პილოტები კაბინაში შესულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა თვითმფრინავის მართვა გადაიბარა, მუსაევის თქმით, მგზავრები მიხვდნენ, რომ გადარჩენის შანსი ჰქონდათ.
FlyDubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის სრული გარემოებების გამოძიება გრძელდება. თუმცა ერთი რამ უკვე თავად შოთა მუსაევის მონაყოლითაც დასტურდება - ქართველი ექიმი სხვა მგზავრებთან ერთად თავდამსხმელის შეჩერებაში მონაწილეობდა, შემდეგ კი პროფესიული დახმარება გაუწია მძიმედ დაჭრილ კაპიტანს“, - წერს მიხეილ ხეცოიძე სოციალურ ქსელში.