„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
ნაძალადევის რაიონში, ნოე ჩხიკვაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა და რამდენიმე დღეში სამუშაოები მთლიანად დასრულდება.
ამასთანავე, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ნაძალადევის რაიონში გრძელდება გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა.
„25 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიმაღლის საყრდენი კედელი მოეწყო კოკინაკის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ლითონის უსაფრთხოების მოაჯირიც. აღნიშნულ მონაკვეთზე იყო საცალფეხო გზა, რაც მოქალაქეების გადაადგილებას აფერხებდა, იყო ცუდ მდგომარეობაში და პრობლემას წარმოადგენდა. ის მთლიანად მოწესრიგდება, განახლდება და რეაბილიტირდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონებში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.
„გამგეობების მიმართულებით გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტები. თითოეული რაიონი განახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოებს, მათ შორის უბნების დონეზე. ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკვერების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენ საარჩევნი დაპირება გავეცით, რომ მთელი თბილისის მასშტაბით არსებული ძველი ლიფტების ჩანაცვლების პროგრამას დავიწყებთ, რაც სერიოზულ პრობლემასა და საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.