1752349956
„მთელი ღამე შველას ითხოვდა, არ ვიცით როგორ გადარჩა...“ - ახალი დეტალები მარნეულში დაჭრილი მოზარდის საქმეზე

მარნეულში დაჭრილი არასრულწლოვანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდს 55 ჭრილობიდან 40-მდე ზურგზე აქვს მიყენებული. მათივე განმარტებით, დაკავებული პირი და დაჭრილი ერთმანეთს იცნობდნენ, ისინი თანასოფლელები არიან, შემთხვევის დღესაც, ისინი ერთად, მაღაზიაში დაინახეს.
არასრულწლოვნის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფილიყო.
„უბედურება დატრიალდა, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, ძლივს ამოიცნეს, მინდორში ეგდო ასეთ მდგომარეობაში, ბავშვის ბიძა ვარ, ჩვენ გვიან გავიგეთ, პირდაპირ კლინიკაში მოვედით და მდგომარეობის გაუმჯობესებას ველოდებით, როგორც გვეუბნებიან, ჯერ კომაშია. ეს ვინც ჩაიდინა, ის ადამიანი არაა, 20 წლის ბიჭია, ისიც თანასოფლელია, არ ვიცი, ამ მდგომარეობამდე რამ მიიყვანა“, - აცხადებს არასრულწლოვნის ბიძა „ტვ პირველთან“.
„სავარაუდოდ, ეს უბედურება ღამე მოხდა, რადგან ეს ბავშვი გამთენიას იპოვა იქვე ვინც ცხოვრობს, იმ კაცმა. მომაკვდავი იყო, სულ სისხლში იყო ამოვლებული და გმინავდა, მთელი ღამე შველას ითხოვდა, არ ვიცით როგორ გადარჩა, სულ დაჩეხილია დანით. სხვაგან მიაყენა დაზიანებები, ეგონა, რომ გარდაიცვალა, თავიდან რომ მოეშორებინა, მინდორში გაუყვანია, იქ დააგდო. ჩვენი თანასოფლელია დაკავებული, მაგრამ კარგად არავინ იცნობს და ახასიათებს, მამა ციხეში ჰყავს, მხოლოდ ეს ვიცით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო“, - აცხადებს დაჭრილის ახლობელი.
ცნობისთვის, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. მარნეულში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს, ის მინდორში იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დააკავეს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.