მსოფლიო ავიასაწვავის კრიზისს ებრძვის - ემუქრება თუ არა Wizz Air-ს ფრენების შეჩერება

wizz

 მსოფლიო ავიასაწვავის კრიზისს ებრძვის - რეისების უმრავლესობა უქმდება, ტურისტული სეზონი, შესაძლოა ჩავარდეს. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში  მიმდინარე კონფლიქტია, რის გამოც თვითმფრინავის საწვავი მნიშვნელოვნადაა გაძვირებული. 

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) უახლესი მონაცემებით, ევროპაში ავიასაწვავის ფასი გასულ წელთან შედარებით 105.7%-ით გაიზარდა.  რიცხვები საკმაოდ მაღალია, რის გამოც, მსოფლიოში,  ზაფხულის ტურისტული სეზონი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ცნობილი ავიაკომპანიები ( Turkish Airlines, Transavia France და Lufthansa)  ფრენების შეჩერებას აპირებენ. 

რომელი ავიაკომპანიები დაზარალდნენ  ყველაზე მეტად ავიასაწვავის კრიზისის გამო:

Transavia

Transavia-მ განაცხადა, რომ მაისსა და ივნისში დაგეგმილ ზოგიერთ ფრენას აუქმებს. ავიაკომპანია დაზარალებულ მგზავრებს რამდენიმე გამოსავალს სთავაზობს: მიიღონ ვაუჩერი, დაიბრუნონ თანხა სრულად ან ფრენის თარიღი შეცვალონ.  Transavia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,რომ ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები და ავიასაწვავის ფასის ზრდა გახდა. 

KLM

KLM-მა ასევე განაცხადა, რომ მაისში ამსტერდამის (Schiphol Airport) აეროპორტიდან 160-მდე ფრენა გააუქმა. 

Turkish Airlines

თურქეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ავიაკომპანიამ ფრენა 18 მიმართულებით შეაჩერა. Turkish Airlines-ის განცხადებით, შეფერხება შეეხება ზაფხულისა და ზამთრის ადრეულ ჯავშნებს. ფრენების გაუქმების პროცესი მაის-ივნისის პერიოდში დაიწყება. 

ცვლილებები შეეხება ევროპის აფრიკისა და აზიის მარშრუტებს. მათ შორის სტამბოლიდან ჰურგამდე, სადაც ბოლო რეისი 2 ივნისს განხორციელდება. შემდეგ კი 2027 წლამდე შეჩერდება. 

The Independent-ის ცნობით, მგზავრები, რომლებიც ბილეთებს   1 აპრილიდან - 1 მაისის შუალედში შეიძენენ, დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ. 

ემუქრება თუ არა Wizz Air-ს საწვავის კრიზისი?

ცოტა ხნის წინ, რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ, მათ შორის, „რაინეარის" წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ავიასაწვავის კრიზისმა ყველაზე მეტად Wizz Air-ი დააზარალა. ამ თემაზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად „პრაიმტაიმი" ავიაკომპანიას დაუკავშირდა. 

კითხვაზე ემუქრება თუ არა Wizz Air-ს საწვავის კრიზისი და გაუქმდება თუ არა ფრენები ზაფხულის სეზონზე, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ასე გვიპასუხა:

„ეს ინფორმაცია არის აბსურდი, რადგან Wizz Air-ს ამ მიმართულებით საკმაოდ ძლიერი ბალანსი აქვს. 18 თვით ადრე იწყებს მზადებას შემდეგი პერიოდისთვის.  ფლოტის 75%-ი შედგება  320 ნეო-ოჯახის თვითმფრინავებისგან, რაც როგორც იცით, უზრუნველყოფს სტრუქტურულ ხარჯობრივ უპირატესობას ევროპაში მოქმედებ სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით. შესაბამისად,  მომავალი 18 თვის განმავლობაში შეიძლება ითქვას , რომ Wizzair-ს  საწვავის მარაგი მზად აქვს.

რაც შეეხება ფრენების გაუქმებას - ავიასაწვავის კრიზისი არ გახდება ამის მიზეზი".