რა არის ცნობილი მერაბ „სოხუმსკის“ შესახებ, რომელზეც საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

მერაბ „სოხუმსკი“

მერაბ გიორგის ძე ჯანგველაძე, რომელიც კრიმინალურ წრეებში „მერაბ სოხუმსკის“ სახელით არის ცნობილი, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „კანონიერ ქურდად“ მიიჩნევა.  

მისი ბიოგრაფია სავსეა სისხლიანი გარჩევებითა და გავლენების გადანაწილებისთვის ბრძოლით.

ჯანგველაძე 1961 წლის 20 ნოემბერს სოხუმში დაიბადა. მისი კრიმინალური გზა 1980 წელს დაიწყო, როდესაც პირველად გასამართლდა. თავდაპირველად ის ინკასატორებისა და ე.წ. „ჩრდილოვანი“ ბიზნესმენების ძარცვით იყო დაკავებული, თუმცა კრიმინალურ იერარქიაში სწრაფად დაწინაურდა. 1985 წელს, 24 წლის ასაკში, იგი „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს.

მერაბ „სოხუმსკი“ წლების განმავლობაში ასლან უსოიანის, „დედ ჰასანის“ კლანის მთავარი ოპონენტი იყო. სამართალდამცავთა ვერსიით, სწორედ ჯანგველაძე შეიძლება იდგეს „დედ ჰასანის“ მკვლელობის ორგანიზების უკან. მას ასევე უკავშირებენ სტამბოლში როვშან ჯანიევის მკვლელობას, რომელიც უსოიანის მტრად მიიჩნეოდა.

2016 წლისთვის, მას შემდეგ რაც რამდენიმე გავლენიანი ფიგურა, „იაპონჩიკი“, „დედ ჰასანი“ მოკლეს და „შაქრო კალაშოვი“ დააპატიმრეს ჯანგველაძემ ფაქტობრივად რუსული კრიმინალური სამყაროს სათავეში გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან მერაბ ჯანგველაძე მუდმივად საზღვარგარეთ ცხოვრობს, 2000-იანი წლების დასაწყისში მან აფხაზეთში აღებული ყალბი პასპორტით ოფიციალურად მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. 2016 წლის ივნისში, ზამოსკვორეცკის სასამართლომ დააკმაყოფილა მიგრაციის სამსახურის სარჩელი „მერაბ სოხუმსკისათვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და იგი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ჯანგველაძე, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა, 2013 წელს იტალიაში დააკავეს. იქ იგი 18 თანამზრახველთან ერთად წარდგა სასამართლოს წინაშე ბინების გაქურდვის ორგანიზების, გამოძალვის, ფულის გათეთრებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით. სასამართლომ მას ოთხი წლით და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.