მარიამ ქვრივიშვილმა ტაილანდის ავიაკომპანიის Thai AirAsia X - ის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

ქვრივიშვილი

ტაილანდის ავიაკომპანიის Thai AirAsia X - ის მიერ საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების დაწყების შესაძლებლობა განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ტაილანდის ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ვითარება, ზრდადი საავიაციო სტატისტიკა და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის საავიაციო პოლიტიკა მიმართულია ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, აგრეთვე ფრენების სიხშირეებისა და მიმართულებების ზრდისკენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაკომპანია Thai AirAsia X - სთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეგულარული ფრენების საქართველოში დაწყებაზე.

„ვიმედოვნებთ, რომ ტაილანდსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე დაიწყება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვფიქრობთ, რომ ტაილანდი იქნება ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გააძლიერებს ტურიზმსა და ავიაციას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.