1749757476
პარლამენტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

„ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მხარი 85 ხმით დაუჭირა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში, მსოფლიოში აქტიურად ვითარდება ნახშირწყალბადების ალტერნატიული ნედლეულის - ბუნებრივი წყალბადის მოპოვება და გამოყენება. მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირება არ არსებობს, რაც ხელს უშლის ინვესტორებს საქართველოში დანერგონ და განახორციელონ ინვესტიციები ბუნებრივი წყალბადის მოპოვების კუთხით. ცვლილებების მიზანია, შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა ბუნებრივი წყალბადის მოპოვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.
ცვლილებებით, ცალკე განისაზღვრება ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლებების მინიჭების პროცედურული საკითხები იმ სალიცენზიო ფართობზე, რომელზეც არცერთ ინვესტორს არა აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლება.