1773348202
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა ქალაქსა და ბათუმის ბულვარში არსებული უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის შემდეგ სივრცეების განვითარებისა და გაუმჯობესების გეგმებზე.
გიორგი ცინცაძის თქმით, პროცესის განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.
„როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან მჭიდრო კოორდინაციით, რაც უზრუნველყოფს პროცესის ერთიან ხედვას, ეფექტურ დაგეგმვასა და პროექტების თანმიმდევრულ განხორციელებას,“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბათუმი და მათ შორის ბათუმის ბულვარი უნდა განვითარდეს, როგორც თანამედროვე, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად დაბალანსებული სივრცე, სადაც იქნება როგორც რეკრეაციული, ასევე, კომერციული ადგილები.
„ძირითადი ნაწილი დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, თუმცა ტურისტულად აქტიურ ქალაქში საჭიროა კომერციული სივრცეებიც, როგორიც არის კაფე-ბარები და კლუბები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთი კონცეფციის ფარგლებში, კანონთან სრულ შესაბამისობაში და არ უნდა ამახინჯებდეს ქალაქის იერსახეს,“ - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.
მისივე განმარტებით, სამომავლოდ იგეგმება გამჭვირვალე და კონკურენტული აუქციონების გამოცხადება და მეწარმეებს ექნებათ ალტერნატიული შესაძლებლობები.
„დაინტერესებულ პირებს, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი ნებართვები, განახორციელონ საქმიანობა განსაზღვრული სტანდარტების დაცვით და შექმნან თანამედროვე, ქალაქის იერსახასთან შესაბამისი ობიექტები. ახალი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად, აუქციონის ან სხვა სამართლებრივი მექანიზმების გზით მეწარმეები შეძლებენ მიიღონ ალტერნატიული სივრცეები ან გააგრძელონ საქმიანობა იმავე ლოკაციაზე, უკვე დადგენილი წესების დაცვით,“ - განაცხადა ბათუმის მერმა.












