აჭარაში საოჯახო სასტუმროების მასტიმულირებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ მიმდინარეობს

კარგი მასპინძელი

აჭარაში საოჯახო სასტუმროების მასტიმულირებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ მიმდინარეობს. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

პროექტი „კარგი მასპინძელი” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროექტების განვითარების სააგენტომ, რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს დაიწყო.

აღნიშნულ სტატუსს აჭარაში უკვე 15-მდე საოჯახო-სასტუმრო სახლი ფლობს. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.

პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება. მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ლინკზე შეუძლიათ. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.