4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მედროშე იყო და ამ მიზნით შედიოდა და გამოდიოდა პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე

ნინო ლომინაძე

შსს-ს თანამშრომლების მიერ 4 ოქტომბრის დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა ნაწილი ბრალის წარდგენას ელოდება. ისინი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

ბოლო რამდენიმე საათში შსს-მ ათი ადამიანი დააკავა. მათი ნაწილის ვინაობა ცნობილია, მათ შორის არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და აქტივისტები. მათ შორის არის პარტია „ახალის“ წევრი აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია, უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლი ავთანდილ სურმანიძე და ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

დაკავებულია 21 წლის ამირან დოლიშვილი, რომლის უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებული აღიარებს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამირან დოლიშვილი არცერთი პარტიის წევრი არაა. არც აქტივისტების რიცხვში მოაზრება. ამბობს, რომ იმყოფებოდა აქციაზე, შემდეგ მოწოდება გაიგო მეგაფონში და გადაინაცვლა პრეზიდენტის სასახლესთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ დაბრუნდა სახლში“, - აცხადებს ამირან დოლიშვილის ადვოკატი მარი შათირიშვილი.

სასამართლო ამ წუთებში შვიდი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს და მათ შორისაა ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც საგამოძიებო ვიდეო მასალებიდან ჩანს, რომ პრეზიდენტის სასახლის შიდა ტერიტორიაზე იმყოფება და რამდენჯერმე შედის და გამოდის ამ ტერიტორიაზე.

„მე ვიცავ ზურაბ ჭავჭანიძეს ე.წ. მედროშეს, რომელიც აქციაზე დადიოდა მხოლოდ ერთი მიზნით - გამოეხატა თავისი პოზიცია. რა ფუნქციასაც ასრულებდა, ეჭირა მხოლოდ დროშა. ზურაბ ჭავჭანიძე არ ეთანხმება ბრალს, რადგან ედავებიან სახელმწიფო ობიექტის ხელში ჩაგდებას და შეჭრას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას“, - აცხადებს ადვოკატი ნინო ლომინაძე.