1759781795
ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს Facebook-პოსტებს, დაფინანსებასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები - გიორგი ქადაგიძე

საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების წარმომადგენელთა და კერძო პირების გამოკითხვები გრძელდება. დღეს, გამოძიების კითხვებს გიორგი ქადაგიძემ უპასუხა.
მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ქადაგიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, ყველა კითხვა სოციალურ მედიაში მის აქტიურობას და დაფინანსებას უკავშირდებოდა.
„ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს „ფეისბუქ“ პოსტებს და რას ვგულისხმობდი „ფეისბუქ“ პოსტების ქვეშ. დაფინანსებასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები, გადარიცხული რამდენიმე ათასი ლარი ნამდვილად მაქვს დახმარების ფონდებში. ზუსტად არ მახსოვს, შარშანდელ რიცხვებზეა საუბარი“, - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ქადაგიძემ.