ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთაგან 5 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მათგან სამს აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდა.

დღევანდელ პროცესს ესწრებოდა ორი ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, სამი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება.

დარბაზში მყოფმა ორივე ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვა.

საქმეზე ბრალდებული კიდევ ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ში მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანის თაღლითური სქემა გახსნა, რასაც საგამოძიებო უწყების მხრიდან შესაბამისი პირების დაკავება მოჰყვა.