,,მშვიდობით, ჩემპიონო...“ - ახალგაზრდა სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა
1780516173
უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების მიზნით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა, თაღლითობა და ყალბი დოკუმენტების დამზადება - საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოვლენილი ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს. რეზონანსული საქმის 9 ფიგურანტიდან ნაწილი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს, ნაწილი კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს დღეს ორგანიზებული ჯგუფის მხოლოდ რამდენიმე წევრი ესწრებოდა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ბრალდებულების ინტერესებს კი მათი ადვოკატები წარმოადგენდნენ. უფლებადამცველების ნაწილმა, დანაშაულში მხილებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მსაჯულმა სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და საქმის 5 ფიგურანტს უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა განუსაზღვრა.
მოწმეთა ჩვენებები, გაყალბებული დოკუმენტები, ბანკის ამონაწერები და დაზარალებულად ცნობის ფიქტიური მოწმობები - 19-ტომიან საქმეში, სახელმწიფო ბრალდების თქმით, არაერთი უტყუარი მტკიცებულება დევს.
ორი ქვეყნის საგამოძიებო უწყებების რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად ორი რეზონანსული საქმე გაიხსნა, გამოვლინდა ორგანიზებული ჯგუფები და გაიშიფრა მათი მოქმედების სქემაც. ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ, კლიენტებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდნენ, იგონებდნენ არარეალურ ისტორიებს და ამ გზით მათ შტატებში თავშესაფრის მოპოვებაში ეხმარებოდნენ.
ყალბი დოკუმენტების დამზადება - 3000 დოლარი, გამოგონილი ქეისის შექმნა - 1500 დოლარი, თავშესაფრის მოპოვება - 8000 დოლარი. ამ მომსახურების მისაღებად ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 300-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ყველა მათგანის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია. პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქსელის წევრები მოქალაქეებს 15 000 დოლარის სანაცვლოდ ამერიკის ვიზის მიღებაშიც ეხმარებოდნენ. მომსახურებაში შედიოდა სამართლებრივი მხარდაჭერა და ყალბი დოკუმენტების დამზადებაც.
საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართვის შემდეგ მყისიერად დაიწყო. რამდენიმეთვიანი ერთობლივი ეფექტიანი მუშაობისთვის დიპლომატიურმა უწყებამ გენერალურ პროკურატურას მადლობა გადაუხადა.
რეზონანსული საქმე გახსნილია, ორგანიზებული ჯგუფების წევრები გამოვლენილი არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 პირს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.