„ციხიდან უთვლიდა, დედაშენს შავებს ჩავაცმევო, ზურას კი ნათიასთან შერიგება უნდოდა...“ - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები

დემურ ღვედაშვილი

სიღნაღში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მოკლული ბრალდებულს დიდხანს ემუქრებოდა.

„ის, მოკლული, სამი წელი იჯდა ციხეში. ციხიდან უთვლიდა, დედაშენს შავებს ჩავაცმევო. ზურას კი ნათიასთან შერიგება უნდოდა. მკვლელობის შემდეგ ზურა არ გაქცეულა. მამას უთხრა, რაც მოხდა, და თვითონვე დარეკა პოლიციაში.

ცოლი ისე უყვარდა, გულზე მისი სახელი ეწერა. თუმცა, შეურაცხყვეს და ატირეს კაცი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა“, - ჰყვებიან ბრალდებულის ახლობლები.

ბრალდებული და გარდაცვლილი თანასოფლელები არიან. ურთიერთობა მხარეებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბრალდებული მეუღლეს დაშორდა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან ორი გასროლა განახორციელა. თანასოფლელი მამაკაცი ადგილზე მოკლა, ხოლო ყოფილი მეუღლე მძიმედ დაჭრა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინა. ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კი, თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.