1746007492
„საკუთარ შვილებს დედა მოუკლა, კიდევ ორ ბავშვს - მამა“ - სასტიკ მკვლელობებში ბრალდებულ კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
საქმე ეხება 2024 წლის 28 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას - გურჯაანის მუნიციპალიტეტში 39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 11',109 -მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ პუნქტებით) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი, სამართალდამცველებმა მომხდარიდან მეორე დღეს, 2024 წლის 29 აგვისტოს, დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის ტყეში იმალებოდა. ამბობენ, რომ ზურაბაშვილმა დანაშაულის ადგილი ჯერ ავტომობილით დატოვა, შემდეგ კი გზა წინასწარ გამზადებული მოტოციკლით განაგრძო.
ახლობლების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ახმეტაში, მშობლებთან მყოფ ფიქრია ტუგულაშვილს ქმარმა დაურეკა და ახაშენში, მათ საცხოვრებელ სახლში ჩასვლა სთხოვა. ადგილზე მისვლიდან ზუსტად ერთ საათში კაცმა ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ეს გარემოება, ადგილობრივებს არწმუნებს, რომ ზურაბაშვილს დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ცოლი სახლში, რეალურად მკვლელობის მიზნით დაიბარა.
ცნობილია, რომ ზვიად ზურაბაშვილი ცოლზე ძალადობისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. ორი წლის წინ მან ფიქრია ტუგულაშვილს დანით კისრის არეში მძიმე ჭრილობები მიაყენა.