პანკისის ხეობაში ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული 3 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული 3 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პანკისის ხეობაში ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული 3 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გამოძიება ერთ პირს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, დანარჩენ ორ პირს კი - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ ეთანხმება, მათ შორის, საბრძოლო ვაზნების შეძენა-შენახვის ნაწილში.

"სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობის შეფარდებისას, არსებობდა როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მათ მიმართ გამოიყენა პატიმრობა. ძირითადი მტკიცებულებები, რაზეც ბრალდების მხარე საუბრობდა, არის ფოტო და ვიდე0 მასალები და შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოებები მიიღო სასამართლომ მხედველობაში. ბრალდებული არ ეთანხმება ბრალდებას, არ ეთანხმება მათ შორის, საბრძოლო ვაზნების შეძენა-შენახვის ნაწილში და თვლის, რომ ეს ვაზნები მისი არ ყოფილა", - აცხადებს ადვოკატი ზვიად ტაბატაძე.

ბრალდების მხარის მტკიცებით კი, საქმეში მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის მონაწილეობას ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ნაწარმოებ საბრძოლო მოქმედებებში.

"სასამართლო პროცესზე განხილული იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და სამივე დაკავებულ პირს შეეფარდა პატიმრობა. საქმეში მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის მონაწილეობას ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ნაწარმოებ საბრძოლო მოქმედებებში, შეიარაღებულ კონფლიქტებში. შესაბამისად, ის იყო გაერთიანებული არ ორგანიზაციაში და ეს გრძელდებოდა დღემდე", - აცხადებს პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი.