1748675716
ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ სასამართლოს წერილობით და მოვითხოვეთ, უზრუნველყონ ნიკა მელიას ეტაპირება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე - გიორგი კონდახიშვილი

ნიკა მელია დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. წინასწარი მოთავსების იზოლატორში ის ადვოკატმა გუშინ მოინახულა. მისი განცხადებით, დაცვის მხარეს ადმინისტრაციულ ოქმებს სავარაუდოდ დღეს ან ხვალ გადასცემენ.
ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, კოალიცია "ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მის შესრულებასთან დაკავშირებით.
პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება, დღესვეა დანიშნული მისი სასამართლო დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმესთან დაკავშირებით.
ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, მათ წერილობით მიმართეს სასამართლოს, რათა მათ უზრუნველყონ ბრალდებულის სასამართლოში ეტაპირება.
"ამჟამად მოთავსებულია წინასწარ იზოლატორში. დღეს, 14:00 საათზე ჩანიშნულია მის ბრალდების საქმეზე წინასწარი სასამართლო სხდომა. ჩვენ, რამდენიმე წუთი წინ ოფიციალურად მივმართეთ სასამართლოს წერილობით და მოვითხოვეთ, ვინაიდან ნიკა მელია არის დაკავებული უკანონოდ, გატაცებული პოლიციის თანამშრომლების მიერ, მოვთხოვეთ სასამართლოს, რომ უზრუნველყოს მისი ეტაპირება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. ბრალდებულის უფლებაა ესწრებოდეს მის სასამართლო პროცესს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე შვანგირაძე არ დაარღვევს კანონს და უზრუნველყოფს ბრალდებულის მოყვანას სასამართლოში", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.