წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გურიის რეგიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

გურია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, დავით კვინიკაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

დასრულების ეტაპზეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო: წყალმომარაგების ქსელი - 92560მ, აღრიცხვის კვანძები, წყლის ორი სათავე ნაგებობა, საქლორატორო, ორი სატუმბი სადგური, რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ 3,800 - მდე ბენეფიციარი 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი წითელი სხივისა და ნარუჯის უბნების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, ასევე, დაბა ურეკისათვის 2 ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი -75.კმ, აღრიცხვის კვანძები, ოთხი ჭაბურღილი, სამი რეზერვუარი, ოთხი საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობებს. პროექტის დასრულების შემდეგ 19,050 - მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

აქტიურ ფაზაშია ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია- მშენებლობის სამუშაოები. მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი - 28,5კმ, აღრიცხვის კვანძები, ექვსი ჭაბურღილი, სატუმბი სადგური, რეზერვუარი, საქლორატორო. პროექტის დასრულების შემდეგ 11 000 - მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამივე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს და ჯამური ღირებულება 93 მილიონ ლარზე მეტია.

გურიის რეგიონში სულ 7 პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულება 117 მილიონამდე ლარია.