„მოკლეს და ინსცენირება მოაწყვეს, თითქოს თავი დაარტყა... ვერიკო კაპანაძემ გადასაფარებელი გადააფარა...“ - 22 წლის ბიჭის საქმის დეტალები

თამაზ მთივლიშვილი

22 წლის თამაზ  მთივლიშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 

მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცველებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს.

მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით მოკლულის მეგობრები არიან დაკავებული, რომლებიც ასევე მისი თანამშრომლები იყვნენ.

ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

ბაირამ ალი გსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საქმის დეტალებზე ისაუბრა:

 „ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული გიორგი პაპაშვილის მიერ. ბრალდებულები ყველაფერს ესწრებოდნენ, თუმცა არც ერთს აზრადაც არ მოსვლია, სამართალდამცველებისთვის შეეტყობინებინა.

გიორგი პაპაშვილი ძალადობას ახორციელებდა თამაზ მთივლიშვილზე — არაერთხელ ურტყამდა თავში და კისერში გამეტებით. იგი უმოწყალოდ სცემდა თამაზ მთივლიშვილს, ხოლო ბრალდებულები ამას უყურებდნენ და არავითარ ზომას არ იღებდნენ, რომ შეჩერებოდნენ ან გაეშველებინათ.

შემდგომ, თითქოს ინსცენირება მოაწყვეს — თითქოს თამაზ მთივლიშვილი წაიქცა, თავი დაარტყა და ამ მიზეზით გარდაიცვალა. მას იატაკზე ტოვებენ, ხოლო ქალბატონი ვერიკო გადასაფარებელს აფარებს. შემდეგ კეტავენ კარებს და ტოვებენ ადგილს...“, – განაცხადა პროკურორმა.