პენტაგონმა უცხოპლანეტელებზე საიდუმლო დოკუმენტების მესამე სერია გამოაქვეყნა
1781438045
რომელი საკვების გადარჩენა შეიძლება და რომელი უნდა გადააგდოთ — სპეციალისტების რჩევები
საკვების გაძვირების ფონზე, ბევრი ადამიანი ცდილობს, პროდუქტები მაქსიმალურად გამოიყენოს და ნაკლები გადააგდოს. თუმცა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავარჩიოთ საკვები, რომელიც უბრალოდ დაძველებულია და ის, რომელიც უკვე ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
როდის უნდა გადააგდოთ საკვები?
თუ პროდუქტზე შეამჩნევთ ერთ ან რამდენიმე ნიშანს, მისი მოხმარება არ არის რეკომენდებული:
🔹 ხილული ობი;
🔹 ლორწოვანი ზედაპირი;
🔹 გამოჟონილი სითხე;
🔹 ძლიერი ან მჟავე სუნი.
ექსპერტების თქმით, ასეთმა საკვებმა შესაძლოა საკვებით მოწამვლა გამოიწვიოს, რაც მუცლის ტკივილით, გულისრევით, ღებინებითა და დიარეით ვლინდება.
რა შეიძლება გამოიყენოთ უსაფრთხოდ?
ხილი
🔹 გაყავისფრებული ან გაშავებული ბანანი კვლავ უსაფრთხოა და შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლინების, ნამცხვრებისა და სმუზების მოსამზადებლად;
🔹 დაჭმუჭნილი ვაშლი, რომელიც ტენს კარგავს, როგორც წესი, კვლავ ვარგისია საკვებად;
🔹 გამხმარი ლიმონისა და ფორთოხლის ქერქი შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხობაში, მარმელადებში ან სხვა კერძებში;
🔹 თუ ობი დიდ და მკვრივ ხილზე გაჩნდა, შესაძლებელია დაზიანებული ნაწილისა და მის გარშემო რამდენიმე სანტიმეტრი ჯანსაღი ფენის მოჭრა;
🔹 კენკრისა და სხვა რბილი ხილის შემთხვევაში, ობის აღმოჩენისას პროდუქტი მთლიანად უნდა გადააგდოთ.
ბოსტნეული
🔹 დამჭკნარი ან გამომშრალი ბოსტნეული ხშირად მხოლოდ ტენის დაკარგვის შედეგია და მისი გამოყენება კვლავ შესაძლებელია;
🔹 ისპანახისა და კომბოსტოს ფოთლების გამოცოცხლება ყინულიან წყალში დაახლოებით 30 წუთით გაჩერებით არის შესაძლებელი;
🔹 კარტოფილზე, სტაფილოსა და გოგრაზე დაზიანებული ნაწილების მოჭრა ხშირად საკმარისია;
🔹 სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ გამწვანებული ან ძლიერ გაღივებული კარტოფილი ბუნებრივ ტოქსინებს შეიცავს და მისი მიღება სიფრთხილეს მოითხოვს;
🔹 სოკოზე არსებული თეთრი ბუსუსები ხშირად მიცელიუმია და არა ობი, თუმცა ფერადი ლაქების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პური, ბრინჯი და მაკარონი
🔹 დაობებული პური აუცილებლად უნდა გადააგდოთ, რადგან ობი ფოროვან პროდუქტებში სწრაფად ვრცელდება;
🔹 გამხმარი, მაგრამ ობის გარეშე დარჩენილი პური კვლავ უსაფრთხოა;
🔹 მოხარშული ბრინჯისა და მაკარონის ნარჩენების გამოყენება შესაძლებელია, თუ ისინი მაცივარში სწორად ინახებოდა და ხელახლა სრულად გაცხელდება;
🔹 დარჩენილი საკვები ოთახის ტემპერატურაზე ორ საათზე მეტხანს არ უნდა დარჩეს.
რძის პროდუქტები
🔹 ვადაგასული რძისა და იოგურტის მოხმარება არ არის რეკომენდებული;
🔹 ჭყინტ ყველზე ობის აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია დიდი ნაწილი ან მთელი პროდუქტი გადააგდოთ;
🔹 მაგარი ყველის შემთხვევაში ხშირად საკმარისია მხოლოდ დაზიანებული ნაწილის მოჭრა.
როგორ შევამციროთ საკვების გადაყრა?სპეციალისტების თქმით, საკვების უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვითა და პროდუქტების სწორად გამოყენებით შესაძლებელია როგორც ნარჩენების შემცირება, ისე ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვა. მთავარია, ერთმანეთისგან გავარჩიოთ დაძველებული და რეალურად გაფუჭებული საკვები.