ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

policiis lenti

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.

გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი.

მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს შსს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა 2 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია  შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.