როგორ ვადაპტირდეთ სამუშაო პროცესთან შვებულების შემდეგ

სამსახური

შვებულებიდან სამუშაო გარემოში დაბრუნებასაც ადაპტაცია სჭირდება, იმის მიუხედავად, დამწყები ხართ თუ პროფესიონალი. კვლევები აჩვენებს, რომ დასვენების შემდეგ პროდუქტიულობის აღდგენა საშუალოდ 2-3 სამუშაო დღე შეიძლება გაგრძელდეს, ან 5-7 დღეც კი. ეფექტური ადაპტაცია აუცილებელია როგორც ინდივიდუალური პროდუქტიულობის, ისე გუნდური დინამიკის შესანარჩუნებლად. 

მაინც, როგორ ჩავდგეთ საქმიან ფორმაში, შვებულების შემდეგ?

არ „დაპრესოთ“ განცდილი თავისუფლება

არ უნდა დაბრუნდეთ სამსახურში ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ნერვულ სისტემას ესაჭიროება გარდამავალი პერიოდი და არა მყისიერი გადართვა. დაგეგმეთ ეტაპობრივად – პირველი დღის პირველი ნახევარი გამოყავით საკუთარი თავისთვის. უარი თქვით შეხვედრებზე (დიახ, ვიცით, რომ სათქმელად მარტივია) და მიეცით საკუთარ თავს 90 წუთი ადაპტაციისთვის. ეს დრო გამოიყენეთ კალენდრის შესამოწმებლად, ელ.ფოსტების წასაკითხად და უბრალოდ, სიტუაციის გასააზრებლად. თქვენს გონებას სჭირდება მომზადება, სანამ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება.

პირველი შეხვედრები

პირველი რამდენიმე შეხვედრა შვებულების შემდეგ ჰგავს უხერხულ შეხვედრებს განშორების შემდეგ. თქვენ აღარ ხართ ის ადამიანი, რომელიც შვებულებამდე იყავით – თქვენ იგემეთ თავისუფლება და ახლა რთულია Zoom-ზე ჯდომა და ფორმალური საუბრების მოსმენა.

ამ დროს, წინააღმდეგობა გაუწიეთ კონტროლის აღების სურვილს. არ შესთავაზოთ შეხვედრის გაძღოლა ან ახალ პროექტებზე მოხალისეობა. ეს მხოლოდ რეფლექსია, რომელიც გიბიძგებთ დაამტკიცოთ, რომ კვლავ მნიშვნელოვანი ხართ. ნაცვლად ამისა, იყავით ცნობისმოყვარე მსმენელი – დასვით კითხვები როგორიცაა „შეგიძლიათ მაცნობოთ პროცესის რა ეტაპზე ვართ ახლა?“ და აცადეთ საუბარი კოლეგებს. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ შვებულებაზე შეძენილი სიმშვიდე და სიცხადე.

ემოციური გულწრფელობა ზედმეტი დრამატიზმის გარეშე

ნუ იქნებით ის კოლეგა, რომელიც ყოველ წინადადებას იწყებს ფრაზით „როცა შვებულებაში ვიყავი…“, მაგრამ არც ის უნდა დაიჯეროთ, რომ არაფერი შეცვლილა. უბრალოდ თქვით: „დავბრუნდი და ვცდილობ დავეწიო მოვლენებს, მინდა საკუთარ თავს მივცე სივრცე, რომ მალე სრულად ჩავერთო. თუ რამე სასწრაფოა, შემატყობინეთ.“ ამისათვის საკმარისია უბრალო, ადამიანური კომუნიკაცია.

გადააფასეთ სამუშაო რუტინა

შვებულება არა მხოლოდ დასვენებას გთავაზობთ, არამედ პერსპექტივასაც. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სამუშაოს ის ვერსია, რომელიც დატოვეთ, არ არის ის, რასაც ნამდვილად უნდა დაუბრუნდეთ. დაჯექით და კრიტიკულად გადახედეთ თქვენს კალენდარს – იქნებ ის ყოველკვირეული შეხვედრაა შესაცვლელი? იქნებ, დროა, ნორმალურად მოიწყოთ შესვენება შუადღით? ერთი ცუდი ჩვევის მოშორებით, ადგილს გაუთავისუფლებთ უკეთეს ჩვევას.

შეინარჩუნეთ შვებულების საუკეთესო ნაწილი

არ გჭირდებათ აირჩიოთ „შვებულებაში მყოფი მე“ ან „სამსახურში მყოფი მე“ – მიზანი არის ინტეგრაცია, არა განცალკევება. შეინარჩუნეთ ერთი ჩვევა მაინც შვებულებიდან – იქნება ეს დილის ათი წუთი მშვიდი ყავისთვის ელ.ფოსტის შემოწმებამდე, შუადღის ხანმოკლე გასეირნება, ან ყოველკვირეულად დაუთმეთ დრო შემოქმედებას.

შვებულების შემდგომი ადაპტაცია არ არის განშორება დასვენებასთან დაკავშირებულ ჩვევებთან, ეს არის შეხვედრა – თქვენი ორი ნაწილის ხელახალი გაცნობა. აცადეთ თქვენს გუნდსაც გაიცნოს თქვენი ოდნავ შეცვლილი, უფრო დაბალანსებული ვერსია. თქვენ კვლავ რჩებით ჭკვიანი, შესაძლებლობებით სავსე და ღირებული თანამშრომელი, მაშინაც კი, როცა ემოციურად ჯერ არ ხართ სრულად მზად დაბრუნების პირველ დღეებში.