1758051983
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს სკოლის შეცვლა სჭირდება - რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა

ბავშვისთვის სკოლის შერჩევა მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. ფსიქოლოგების თქმით, სწორი სასწავლო გარემო არა მხოლოდ აკადემიურ შედეგებზე, არამედ მოზარდის ემოციურ კეთილდღეობასა და პიროვნულ განვითარებაზეც ახდენს გავლენას.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სპეციალისტებმა გამოჰყვეს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მშობლებს დაეხმარებათ მიხვდნენ, რამდენად არის თანხვედრაში აკადემიური გარემო ბავშვის საჭიროებებთან და როდის უნდა მიმართონ შესაბამის ზომებს.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, პირველ რიგში, მშობლები სასწავლო გარემოსადმი მოზარდის დამოკიდებულებებს უნდა დააკვირდნენ. მაგალითად: თუ არასრულწლოვანი სკოლის ამბებს ხშირად ჰყვება, აკვირდება იმას, თუ ვინ როგორი ინტერესით ეკიდება პრეზენტაციებს, ასევე დიდ დროს უთმობს სკოლისთვის მომზადებას - ეს ნიშნავს იმას, რომ სასწავლო გარემო მისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილია და მასში თავის რეალიზებას სრულად ახერხებს. ამის საპირირისპიროდ, თუ კითხვაზე „რა ხდება სკოლაში“ - თქვენი შვილის პასუხები მუდმივად ერთფეროვანია - „არაფერი განსაკუთრებული“, „არ მახსოვს“ და ა.შ. ეს შეიძლება პირველი ნიშანი იყოს იმის, რომ სკოლა მოზარდის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.
სპეციალისტების თქმით, თუ ბავშვს საშინაო დავალებების შესრულების დროს შეცდომების დაშვების ეშინია და იმეორებს ფრაზას - „მასწავლებელი მეჩხუბება სწორად თუ არ დავწერ“ – ეს ხშირად ემოციურ დისტანცირებასა და პედაგოგების მხრიდან არასწორ მიდგომაზე მიუთითებს. სწავლის პროცესის მიმდინარეობისას ბავშვს უნდა ჰქონდეს შეცდომების დაშვების საშუალება, რათა შემდგომში უკეთ მიხვდეს, თავიდან გადაიკითხოს მასალა - ყველა ადამიანს სწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს და ამას სკოლამ პატივი უნდა სცეს.
კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ბავშვი თავს სკოლაში კარგად არ გრძნობს - ახალი, მავნე ჩვევების გაჩენაა. ეს შეიძლება იყოს ფრჩხილების კვნეტა, ღამის კოშმარები, საუბრის დროს უეცარი გაჩუმება ან რაიმე ისეთი, რაც მას ადრე არ ახასიათებდა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მსგავსი ქმედებები ემოციურ სტრესზე მიუთითებს.
ასევე, თუ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ოთახში მარტო ყოფნას ითხოვს, ნაკლებად ეკონტაქტება ოჯახის წევრებს, ხშირად ადარებს საკუთარ თავს სხვებს, ამბობს - „ის ჩემზე უკეთ სწავლობს, მე არაფერი გამომდის“.
სკოლასთან დაკავშირებული ნივთების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება - მაგალითად არ უვლის ჩანთას ან წიგნებს, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ ბავშვი სასწავლო გარემოში თავს ცუდად გრძნობს.
ფსიქოლოგების თქმით, იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენად კომფორტულად გრძნობს ბავშვი სასწავლო გარემოში თავს, შეგიძლიათ პერიოდულად, სრულიად ბუნებრივად ჰკითხოთ - „როგორი იქნებოდა, რომ სხვა სკოლაში გევლო? იქ უფრო კარგი იქნებოდა, თუ ეს სკოლა ჯობს?“ - შემდეგ კი მის რეაქციას დააკვირდეთ. დაუფიქრებელი აღტაცება ან შვებით ამოსუნთქვა მიუთითებს, რომ მისთვის მოქმედი სასწავლო გარემო სტრესთან ასოცირდება და ამას შინაგანად დიდი ხანია განიცდის.