ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

წყალი მაცივარში

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ მაცივარში პლასტმასის ბოთლებით წყლის გაყინვა სახიფათოა.

„სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში. ზოგჯერ ყინავენ კიდეც. სასურველი არ არის წყალი მაცივარში შევინახოთ იმ პლასტმასის ბოთლებით, რომლებიც ერთჯერადი ხმარებისთვისაა განკუთვნილი (წყლის, გაზიანი სასმელების ბოთლები), განსაკუთრებით არასწორია წყლის გაყინვა ამ ბოთლებით.

პლასტმასის ერთჯერადი ბოთლების მავნებლობა გარდა ქიმიური ნივთიერებებისა იმითაც არის განპირობებული, რომ მათი ბოლომდე კარგად გარეცხვა შეუძლებელია და ნაპრალებში ბაქტერიების დარჩენის და გამრავლების რისკია. პლასტმასის ბოთლი განსაკუთრებით ზიანდება გაყინვისას.

აქვე სიტყვამ მოიტანა და არ შემიძლია არ ვახსენო ის საშინელი პრაქტიკა, რასაც ამ სიცხეში ხშირად ვხედავთ - მზის გულზე დალაგებული წყლის და გაზიანი სასმელების ბოთლები.
ისევ წყლის გაცივებას რომ დავუბრუნდეთ, კარგი გამოსავალია მაცივარში წყლის შენახვა შუშის ბოთლებით ან სხვა თავდახურული შუშის ჭურჭლით“, - წერს მაია ბუწაშვილი.