ზიანი მიაყენა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, ზიანი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს, სხვა ელჩების ადგილას ამაზე დავფიქრდებოდი - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს მწვავედ აკრიტიკებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ 30-წლიან მეგობრობას დიდი ზიანი მიაყენა და საქართველოში დიპლომატიური ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინა.

მისივე თქმით, გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობისა და პროპაგანდის წამქეზებლად იქცა.

"ბატონი პეტერი ქართველი საზოგადოების წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. ასე დარჩება ის ქართული მოსახლეობის მეხსიერებაში. ეს არის ყველაზე სამწუხარო ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში, რომ ამ ადამიანმა 30-წლიანი მეგობრობა 3 წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ დღეს გაიგივებულია გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად, წამქეზებლად და მხარდამჭერად.

მან, მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით, ისაუბრა "დიფ სთეითზე" - აბა სად არის - შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, შევიხედე აბაზანაში და იქ არ დამხვდა და ა.შ. დაგვცინის ქართველებს, მაგრამ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, რომ პარალელურად, ის დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს, რომ "დიფ სთეითი" რაღაც გამონაგონია, დასცინის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს. ასევე, შეუძლია აშშ-ის საელჩოს ელაპარაკოს ამაზე. ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს, რომელიც ასევე საუბრობდა "დიფ სთეითზე" ბრიტანეთში - პრინციპში, დასცინის ყველას ამ იქედნური ტონით. ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ.

სამწუხაროა, რომ გარდა იმისა, რომ მან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, მან, ზოგადად, ზიანი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს, როგორც ასეთს. მან ქართველების თვალში გააიგივა უცხო ქვეყნის ელჩი სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას და ტყუილს, პროპაგანდას აქეზებს. მან, ფაქტობრივად, ელჩობა აქცია მთავარმართებლის და მეორე მდივნის სინონიმად. ეს არ არის მსუბუქი შემთხვევა - მან თავადაც განაცხადა, რომ ის ცოტა ხანში დატოვებს საქართველოს და როგორც თვითონ თქვა, ცოტა ხანში სავარძელში წამოწვება და იქიდან დააკვირდება საქართველოს. მან ზიანი მიაყენა არამხოლოდ ქართულ-გერმანულ ურთიერთობას, არამედ უცხო ქვეყნის ელჩის ინსტიტუტს - ქართველების თვალში დიდი ხნით ჩაბეჭდა, რომ უცხო ქვეყნის ელჩი შეიძლება იყოს შენი ქვეყნის მიმართ მავნე ინტერესების მატარებელი, - ამით ზიანი მიაყენა მთლიანად ელჩობას საქართველოში და სხვა ელჩების ადგილას ამაზე დავფიქრდებოდი," - განაცახდა შალვა პაპუაშვილმა.