1749577630
ცარიელი, ფუჭი სიტყვები ვერ აჩერებს ტანკებსა და რაკეტებს - აუცილებელია პოლიტიკური მზაობა და რეალური ნაბიჯების გადადგმა - ლევან მახაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე

ცარიელი, ფუჭი სიტყვები ვერ აჩერებს ტანკებსა და რაკეტებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ეს 17-წლიანი ცარიელი სიტყვების დრო, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნატო-ს ოპერაციებში და დროა, ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით პოლიტიკური მზაობა ქმედით ნაბიჯებში გადაიზარდოს.
"წვლილი შევიტანეთ გლობალურ უსაფრთხოებაში. იცით, რომ საქართველო ძალიან აქტიურად იყო და არის ჩართული ნატო-ს ოპერაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი თავდაცვის ძალები სრულად თავსებადია ნატო-ს ძალებთან. ამიტომ აქ კითხვა ზედმეტია იმასთან დაკავშირებით, ნატო-ში წევრობისთვის საქართველო მზად არის თუ არა. დღეს რაც ნამდვილად გვაკლია, ეს არის მზაობა იმისა, რომ ამ რეგიონში ნამდვილად აქვს სურვილი ნატო-ს გაფართოების. გაფართოება ნიშნავს გეოპოლიტიკურ კონკურენციაში შესვლას და ამისთვის არის აუცილებელი არა მხოლოდ პოლიტიკური მზაობა, რეალური ნაბიჯები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო "ნატო" მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს.