თენგიზ შარმანაშვილი კორუფციის საქმეზე: ის ვინც თანამდებობას გამოიყენებს ანგარებისთვის დაამთავრებს ციხეში. ეს გაკვეთილი იქნება მათთვის, ვინც დააპირებს თანამდებობის დაკავებას, რომ თუ წრფელი გულით არ მიდის, სად შეიძლება ამოყოს თავი

თენგიზ შარმანაშვილი

ის ვინც თანამდებობას გამოიყენებს ანგარებისთვის დაამთავრებს ციხეში. ეს გაკვეთილი იქნება მათთვის, ვინც დააპირებს თანამდებობის დაკავებას, რომ თუ წრფელი გულით არ მიდის ამ თანამდებობაზე, სად შეიძლება ამოყოს თავი, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებას.

მისი თქმით, ეს მაგალითი უნდა გახდეს სხვებისთვისაც, რომ თანამდებობაზე ყოფნა არის დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და ის ანგარებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

„ის ვინც თავის თანამდებობას გამოიყენებს ანგარების, თავის გასამდიდრებლად ან თავისი კეთილდღეობისათვის, ის ვინც ვერ იგრძნობს რომ თანამდებობის დაკავება, ეს არ არის პრივილეგია, არამედ არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და უზარმაზარი ტვირთი შენი საკუთარი ქვეყნის წინაშე ის დაამთავრებს ციხეში. ეს არის ფაქტი და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ეს გაკვეთილი იქნება იმ ადამიანებისთვისაც, ვინც დღეს ან სამომავლოდ დააპირებს თანამდებობის დაკავებას და კარგა ხანს უნდა იფიქროს, რომ თუ წრფელი გულით არ მიდის ამ თანამდებობაზე, სად შეიძლება ამოყოს თავი. რა კლანებს შორის ბრძოლაზეა ლაპარაკი, ვინც არ უნდა იყოს ვერავინ, ვერც მოქმედი, ვერც ყოფილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რომელსაც ხელი წაუცდა ან მომავალში წაუცდება კორუფციის მიმართულებით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვიმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაკავებულ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსსა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავს ბრალს წარუდგენენ.

საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.