1750362602
შემოთავაზებული ცვლილებების სულისკვეთებაა, რომ ადამიანებმა სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ცხოვრება არ ააწყონ - არჩილ გორდულაძე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების კანონზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლებიც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ეხება. “ქართული ოცნების“ ინიციატივის განხილვა პარლამენტში დღეიდან დაიწყო. ცვლილებები 5 კანონში შედის.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დანაშაულის შედეგად დაზარალებულს ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. დაზარალებული ზიანს აინაზღაურებს როგორც დანაშაულის ჩამდენისგან, ასევე მისი ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონებით. შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, ასევე დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებების სულისკვეთებაა, რომ ადამიანებმა სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ცხოვრება არ ააწყონ.
"იმისთვის, რომ გაიზარდოს ეფექტიანობა, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო, სისხლის სამართლის კოდექსის, ამავდროულად თანმდევი ცვლილებების ერთობლიობაში მოხდეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც ერთი მხრივ მოახდენს შემდგომი დანაშაულების ჩადენის პრევენციას, ხოლო მეორე მხრივ, ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი საშუალება იქნება.უზრუნველყოფის ღონისძიებები იქნება გათვალისწინებული. ახლა სამწუხაროდ გვაქვს ისეთი მოცემულობა, დამნაშავეები ფიქრობენ, რომ მოიხდიან კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა თუ სხვა სასჯელი და შემდეგ, დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას და მიყენებული ზიანის შედეგად აღებული თანხები, ანუ დანაშაულებრივი გზით მიღებულ ქონებას მოიხმარენ თავიანთი შეხედულებისამებრ და არად აგდებენ ადამიანების უფლებას. შემოთავაზებული ცვლილებების სულისკვეთებაა, რომ ადამიანებმა სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ცხოვრება არ ააწყონ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.