შაქარიშვილი: დავიწყებთ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლას, რაც პარტიის დაფუძნებას სჭირდება - შემდეგ გადავალთ გეგმის აღსრულებაზე, რაც მიზნად ისახავს ქართული პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებაში ჩვენი წვლილის შეტანას

ვატო შაქარიშვილი

ჩვენ დავიწყებთ კანონით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის გავლას, რაც პარტიის დაფუძნებას სჭირდება. პირველ რიგში ეს იქნება ყრილობა, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ახალი პარტია ქართული პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„გადავალთ მოქმედებათა გეგმის აღსრულებაზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ქართული პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებაში ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას და საბოლოო ჯამში ნეიტრალიტეტის იდეის ქვეშ მუშაობას, რათა მივაღწიოთ საქართველოს ნეიტრალურ სტატუსს. ახალ მსოფლიო წესრიგში, რომლის კონტურებიც ჩვენს თვალწინ იკვეთება და ფაქტია, რომ ეს იქნება მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ამ ახალ მსოფლიო პოლიტიკურ რეალობაში უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე მყარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანად მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. „იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად“, - აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.