შალვა პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე „ენჯეო“ ექსტრემისტული განწყობების ლეგიტიმაციას ცდილობს, ევროკავშირის საელჩო აპირებს, ამას შეეგუოს? იმედი მაქვს, ამაზე სათანადო რეაგირება იქნება

შალვა პაპუაშვილი

ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ახალისებენ ექსტრემიზმს, ისმის კითხვა, ეს არის დაუდევრობა ევროკავშირის თუ მისი წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან, თუ ეს არის განზრახვა, რომ საქართველოში დაფინანსდეს ექსტრემიზმის წახალისება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს, რასთან გვაქვს საქმე.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე „ენჯეო“ ცდილობს, ექსტრემისტულ განწყობებს შეუქმნას ლეგიტიმაცია.

„ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე „ენჯეო“, რომელიც ცდილობს,  ექსტრემისტულ განწყობებს შეუქმნას ლეგიტიმაცია. პრობლემა ამ შემთხვევაში არა იმდენად ამ ურეიტინგო ორგანიზაციებში, რამდენადაც მათ დონორებშია. კითხვა არის მარტივი და უკვე დიდი ხანია, ამ კითხვას ვსვამ – აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტი თუ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ეს მტკიცება დეზინფორმაციასთან ერთად, ამავე დროს არის კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება. ასეთი არაღიარებების გამო, ჩვენ ვხედავთ მათ შორის ევროპაში, რომ ექსტრემისტულ ჯგუფებს ებრძვიან თავად ევროპული სახელმწიფოები. ამის ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არ აღიარებენ დემოკრატიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შესაბამისად, ახალისებენ ექსტრემიზმს, ისმის კითხვა – ეს არის დაუდევრობა ევროკავშირის თუ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების საელჩოების მხრიდან, თუ ეს არის განზრახვა, რომ საქართველოში დაფინანსდეს ექსტრემიზმის წახალისება. მე ვსვამ ამ კითხვას და ველოდები პასუხს, ვინაიდან პასუხი იქნება განმსაზღვრელი, რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. იმედი მაქვს, რომ ამაზე სათანადო რეაგირება იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.