1758053825
შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ ძალადობით ცდილობენ სახელისუფლო ბერკეტების მოპოვებას, ეს გზა პირდაპირ მიდის მაიდნისკენ

რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ ძალადობრივი გზით სახელისუფლო ბერკეტების მოპოვებას ცდილობენ, ეს არის გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაიდნისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს „მშვიდობიან რევოლუციასთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.
„ცხადია, საერთო ჯამში, რასთანაც გვაქვს საქმე. რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება რამდენიმე უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოსთან“ ერთად გავიდა დემოკრატიული ჩარჩოებიდან. მათ პირდაპირ აქვთ გაცხადებული, რომ უარს ამბობენ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების გზაზე დადგნენ. ყველას შევახსენებ, რომ სახელისუფლო მანდატის მოპოვების ერთადერთი გზა არის არჩევნები. ამ ჯგუფებმა, ვგულისხმობ პარტიებს და უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“, განაცხადეს, რომ გადიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ძალადობრივი გზით მანდატის, სახელისუფლო ბერკეტების მოპოვებას ცდილობენ. ზუსტად ეს არის დამხობასთან დაკავშირებული განცხადება და სხვა არაფერი. შესაბამისად, ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა ვინც ე.წ. დამხობის ტერმინს აკნინებს ან მხარს უჭერს, ან სალონურად ხდის იმით, რომ ხვდება მათ და დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ შეხვედრებს აორგანიზებს, ახალისებს ძალადობრივ პროცესებს. ამას ვხედავთ პირდაპირ. ფაქტია, მათ არ აქვთ არანაირი სახალხო მხარდაჭერა. მათ ქცევაშიც ვხედავთ, რომ ერთადერთი გზა არის რაიმე ისეთი პროვოკაციის მოწყობა, რამაც შეიძლება, არაორდინალურ მდგომარეობაში ჩააყენოს საზოგადოება და სახელმწიფო. ასე რომ, ეს არის ის საშიში გზა, რომელსაც დღეს ადგას უცხოეთიდან კარნახით რამდენიმე პარტია და „ენჯეო“. ეს არის გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაიდნისკენ, ადამიანის სისხლის, არეულობის მოწყობისკენ. მაიდანი ძალიან შემოგვაჩვიეს ბოლო პერიოდში, თუ წინა პერიოდში. გახსოვთ შარშან, დეკემბერში შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი როგორ მოუწოდებდა ოპოზიციას მაიდნისკენ. ამ პროცესებს ზუსტად ასე უნდა შეხედოს საზოგადოებამ, რომ დღეს რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეო“ ცდილობს, საქართველოში 90-იანი წლები დაატრიალოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.