შალვა პაპუაშვილი მალაიზიის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჯოჰარი ბინ აბდულს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მზარდ ურთიერთობებს.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირებზე. მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მზაობა.

ასევე, აღინიშნა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების სექტორებში თანამშრომლობის პოტენციალი.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ფარგლებში თანამშრომლობას. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის სხდომაში, რომელიც სექტემბერში მალაიზიაში გაიმართება.

შალვა პაპუაშვილმა მალაიზიის მხარეს აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეხვედრა შედგა ქ. ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.