მეცნიერებმა წყალქვეშ ყველაზე ღრმად მცხოვრები ორგანიზმები გადაიღეს - ნახეთ ვიდეო

ზღვის არსებები

ჩინელმა მეცნიერებმა მარიანას ღრმულში წყალქვეშა აპარატი ჩაუშვეს და ზღვის დონიდან დაახლოებით 10 კილომეტრ სიღრმეში მცხოვრები არსებები დააფიქსირეს. მათ შორის იყო ათასობით ჭია და მოლუსკები, რომლებიც ყველაზე ღრმად მცხოვრებ კოლონიებში შედიან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოკეანეების მეტწილად შეუსწავლელ ფსკერზე, შესაძლოა, ასეთი ორგანიზმები მრავლად გვხვდებოდეს.

დედამიწაზე სიცოცხლის ფორმების უდიდესი ნაწილი მზის სხივებზეა დამოკიდებული. ამის მიუხედავად, ზოგი მათგანი სრულიად ბნელ გარემოში ბინადრობს და ფსკერის ნაპრალებში მეთანის მსგავსი ელემენტებით იკვებება, რასაც ქემოსინთეზი ეწოდება.

ამ ეკოსისტემის შესასწავლად დასავლეთ წყნარ ოკეანეში მკვლევრებმა სპეციალური აპარატი Fendouzhe (იგივე Striver) 23-ჯერ ჩაუშვეს. მარიანას ღრმულში მათ 30 სანტიმეტრამდე სიგრძის მილისებრ ჭიებსა და ორსაგდულიანებს მიაგნეს, რომლებიც მოლუსკები არიან. სიღრმე, რომელშიც ისინი აღბეჭდეს, 2500-დან 9533 მეტრამდე მერყეობდა. ასევე გადაიღეს კიბოსნაირები, ზღვის ჭიები, ე.წ. ზღვის კიტრები, ზღვის შროშნები და სხვა არსებები.

მეცნიერები ამას "ქემოსინთეზზე დაფუძნებული ყველაზე ღრმა და ექსტენსიური კოლონიების აღმოჩენას" უწოდებენ. ვარაუდობენ, რომ ასეთი პოპულაციები ღრმაწყლოვან არეალებში იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ისინი ამბობენ, რომ მიკრობების მიერ მეთანის წარმოქმნის პირდაპირ მტკიცებულებასაც მიაგნეს. ასეთი მიკროორგანიზმების გარშემო კი მილისებრი ჭიები იყრიან თავს, რაც ზედა ფოტოზეც ჩანს.

მსგავსი მიგნებები მნიშვნელოვანია, რადგან ოკეანეების ფსკერიდან მინერალების მოპოვებით უკვე მრავალი ქვეყანაა დაინტერესებული. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეს ისედაც შეუსწავლელ ეკოსისტემას დააზიანებს.

რაც შეეხება მარიანას ღრმულს, პირველად ის 1960 წელს გამოიკვლიეს. შემდეგ ამ ადგილს 2012 წელს რეჟისორი ჯეიმზ კემერონი ეწვია და განაცხადა, რომ ეს გარემო "უცხოპლანეტურია". იქ ისეთი ძლიერი წნევაა, რომელიც ზღვის დონის ატმოსფერულ წნევას ათასზე მეტჯერ აღემატება. შესაბამისად, ამგვარ პირობებში მცხოვრები ორგანიზმები განსაკუთრებულად საინტერესოა.