"საზოგადოებისთვის ამ ადამიანთა საქმიანობა, როგორც საბოტაჟის და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ისედაც კარგად ცნობილია" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

მილიონ-მილიონიანი გირაო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. დანარჩენი ბრალდებულების მიმართ კი წინასასამართლო სხდომის თარიღად 25-ი დეკემბერი განისაზღვრა. 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა.

მრავალტომიან საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებში აუდიო ჩანაწერებიც დევს.

დაწყებულ გამოძიებას დევნად და ზეწოლად აფასებენ ოპოზიციაში. 

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ბრალდებები მტკიცებულებებით არის გაჯერებული, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ოპოზიციის გეგმა და მიზანი ქართველების დასანქცირება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა იყო.

"ის, რომ ეს ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი რადიკალური და რეაქციული, ანტიქართული აგენტურული ძალების წარმომადგენლები წლების განმავლობაში საბოტაჟს უწყობდნენ თავის ქვეყანას, უცხო ძალებს აწვდიდნენ ინფორმაციას, ხდებოდა პირდაპირ სააშკარაოზე იმის თქმა, რომ მათ სურთ საქართველო ჩართონ სხვადასხვა რთულ და ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა დაუძლეველ პრობლემატიკაში, ეს ყველაფერი ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის. ამიტომ, ბუნებრივია, დაველოდებით გამოძიებას, თუმცა, საზოგადოებისთვის ამ ადამიანთა საქმიანობა, როგორც საბოტაჟის და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ისედაც კარგად ცნობილია,"- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა.