საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

კონსტიტუციური სარჩელი რამდენიმე თავისგან შედგება: საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომები, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები, 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

ამასთან, როგორც სასარჩელო მოთხოვნაშია აღნიშნული:

„ვინაიდან ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ვითხოვთ, შემდეგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200078888; რეგისტრაციის თარიღი: 10.12.2004; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 45ა);

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030022; რეგისტრაციის თარიღი: 29.06.2016; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ბესიკის ქუჩა N4, ბინა N66);

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030264; რეგისტრაციის თარიღი: 28.01.2020; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი, ნაკვ. 05/107).

კონსტიტუციურ სარჩელს ერთვის: 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა; პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო მოწმობები (რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები); სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

კონსტიტუციური სარჩელი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.