საკითხი ძალიან მარტივად დგას - გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ნათლად დაინახონ, რა სარგებელი მოაქვს ამ პროექტს - თაზო დათუნაშვილი "ემაარ ჯგუფის" პროექტზე

თაზო დათუნაშვილი

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, "ემაარ ჯგუფის" პროექტს ხელისუფლების ოპონენტები აკრიტიკებენ. უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტზე მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ გონიო და თბილისი არაბთა დასახლებად გადაიქცევა და ამ პროექტით ქვეყანა ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. ხაზარაძის პოლიტიკურ პოპულიზმს და პათოსს იზიარებენ "ალტ ინფოშიც".

"ქართული ოცნება" ოპოზიციას კიდევ ერთ მიზანმიმართულ კამპანიას ახსენებს, რომელიც ჩინურ ინვესტიციებს და "ჰუალინგის პროექტს უკავშირდებოდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ექვს-ნახევარ მილიარდიანი პროექტი, ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მოსახლეობას და ეკონომიკის გაძლიერებას მოხმარდება.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია ხელშეკრულების გასაჯაროება.

"ერთი მხრივ, ეს არის ქართული სახელმწიფო  მიწა, რომელიც, ჯამში, 600 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, გვაინტერესებს ამის შესაბამისი ინვესტიცია რა არის. ვიცით განცხადებები, რომ ის ფასი, რომელიც დაედება უძრავ ქონებას, იქნება ძალიან მაღალი. მიზანი იქნება, ძირითადად, საერთაშორისო კლიენტების მოზიდვა. საკითხი ძალიან მარტივად დგას - გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ნათლად დაინახონ, რა სარგებელი მოაქვს ამ პროექტს", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.