რომელი სახელმწიფო დაუშვებს, რომ თვალახვეული, ნაცემი, ხელებშეკრული ადამიანი გაატაროს სასაზღვრო კონტროლზე? სტეპში დაჯდა თუ ჯუნგლებში თვითმფრინავი? - ვოლსკი ბაჩიაშვილზე

ვოლსკი

„ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ღამის კურიერის“ ეთერში იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რომლის შესახებაც დღეს, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილის ბრალდებები აბსურდულია, რადგან არცერთი სახელმწიფო არ გაატარებს გატაცებულ და ნაცემ ადამიანს სასაზღვრო კონტროლზე.

„ნებისმიერი სახელმწიფო, სადაც შეიძლება ადამიანი იმყოფებოდეს, მით უმეტეს იმ რესურსით, რომელიც მან დააგროვა ამ ხნის განმავლობაში, როგორ დაუშვებს, რომ მოტაცებული ადამიანი, - თვალახვეული, ნაცემი, ხელებშეკრული გაატაროს ერთ კონტროლზე, მეორე კონტროლზე და სასაზღვრო კონტროლზე? განუკითხაობაა? სტეპში დაჯდა თუ ჯუნგლებში თვითმფრინავი? სახელმწიფოზე ლაპარაკობს, კონკრეტულად არ ასახელებს, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოზე ლაპარაკობს. თუკი ასეთი მეგობარი ქვეყანაა ჩვენთვის ის სახელმწიფო, რაში დასჭირდებოდა ამ მასკარადის მოწყობა? აიღებდა და პირდაპირ გადასცემდა დამნაშავეს. მე, მაგალითად, ეჭვი არ მეპარება [რომ დამნაშავეა], მაგრამ სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. თვითონ ფაქტები, რომელზეც თავადვე ლაპარაკობს, მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული მართლაც სერიოზულია,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.